ახალი ამბები

არ მგონია, რომ გაკეთდეს – ჯაღმაიძე მრევლის გარეშე ღვთისმსახურებაზე

3 აპრილი, 2020 • 1189
არ მგონია, რომ გაკეთდეს – ჯაღმაიძე მრევლის გარეშე ღვთისმსახურებაზე

საპატრიარქოს პრესსპიკერის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მოსალოდნელი არ არის, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით ღვთისმსახურების მრევლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღოს.

“ჩვენთან ასეთი განცხადება ოფიციალურად არ გაკეთებულა და არც მგონია, რომ გაკეთდეს”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, საპატრიარქომ სახლში დარჩენისკენ მოუწოდა იმ ადამიანებს, ვისაც ჯანრთელობის მდგომაროება არ უწყობს ხელს, ასაკის ან იმუნიტეტის გამო რისკის ჯგუფში მოხვდა, ან ფრთხილობს, რომ ეკლესიაში მისვლით შეიძლება, დაავადდეს.

“დანარჩენ მრევლს, ვინც მოვა, მიეცა ლოცვა-კურთხევა, რომ ტაძრის გარეთ დადგეს და იქიდან იყოს ჩართული მსახურებაში”, – განაცხადა ჯაღმაძიემ და არ გამორიცხა, ზიარებაც გარეთ მოხდეს. ერთი კოვზის პრინციპი კი, მისი თქმით, არცერთ ეკლესიას არ შეუცვლია და ამაზე მსჯელობა დამთავრდა.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ეკლესია არ აპირებს საგანგებო მდგომარეობით დადგენილი წესების დარღვევას და თუ მორწმუნეები ტაძრის შიგნით არ იქნებიან და ეზოში დაესწრებიან ღვთისმსახურებას, წესები არ დაირღვევა.

“ჩვენ დავიცავთ [წესებს], სადმე ვთქვით, რომ არ დავიცავთ? ეზოში არ ირღვევა… მაღაზიებთან რიგს ხედავთ გარეთ? ჩვენც ვამბობთ, რომ დისტანციას დავიცავთ. ჩვენ თუ შენობაში არ ვიქნებით და თუ დავიცავთ დისტანციას, ამით ჩვენ არ დავარღვევთ წესებს”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი