ახალი ამბები

2019-ში ნაადრევი ან ბავშვთა ქორწინების, სულ მცირე, 261 შემთხვევა იყო – ომბუდსმენი

3 აპრილი, 2020 • 2019
2019-ში ნაადრევი ან ბავშვთა ქორწინების, სულ მცირე, 261 შემთხვევა იყო – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ნაადრევი ან ბავშვთა ქორწინების, სულ მცირე, 261 შემთხვევა ფიქსირდება. ადრეული ქორწინება საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ომბუდსმენი სოციალური სამსახურის სტატისტიკაზე დაყრდნობით ამბობს, რომ 2018 წელს ასეთი მხოლოდ 115 შემთხვევა იყო აღრიცხული. თუმცა, ომბუდსმენის ინფორმაციით, 2019 წელს შესწავლის ხარისხი გაუმჯობესდა.

მიუხედავად გაუმჯობესებული შესწავლისა, ომბუდსმენის მონიტორინგმა აღმოაჩინა, რომ სკოლა ხშირად კვლავ მალავს ადრეული ქორწინების/ნიშნობის ფაქტებს და პასუხისმგებელ უწყებებს არ ატყობინებს. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსწავლე ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის გამო საგაკვეთილო პროცესს არ ესწრება, თუმცა ჟურნალში ეს არ აღირიცხება.

ასევე, რიგ შემთხვევაში, სკოლის მიტოვების მიზეზად საცხოვრებელი ადგილის შეცვლა სახელდება და არა ქორწინება. მაშინ, როდესაც გოგოები საცხოვრებელ ადგილს ქორწინების გამო იცვლიან, აუცილებელია, სკოლამ თითოეული შემთხვევა საფუძვლიანად მოიკვლიოს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მიმართოს.

„საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის შემთხვევების მიხედვით, კვლავ პრობლემურია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანანმანათლებლო დაწესებულებასა და სოციალურ სამსახურს შორის კოორდინირებული მუშაობა და რეფერირების მექანიზმის გამართული მუშაობა“, – ამბობს ომდბუსმენი.

სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ შსს-სა და სოციალურ სამსახურს შორის თანამშრომლობა პრობლემურია. შესაბამისად, ზოგჯერ ამ ორი უწყებიდან მოწოდებული ინფორმაცია ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა.

ომბუდსმენის ცნობით, სოციალურ სამსახურს არ გააჩნია შემთხვევის მართვის სახელმძღვანელო წესები და ხშირად მათი რეაგირება ზედაპირული და ფრაგმენტულია. ამასთან, პრობლემას წარმოადგენს ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ ფაქტებზე დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება.

შსს-ს მიერ ომბუდსმენის აპარატისთვის მიწოდებული ინფორმაციით, 2019 წელს დაწყებულ/მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში 130 შემთხვევა ეხებოდა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ შესაძლო დანაშაულს, რომლის კვალიფიკაციაც განისაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა). აქედან, 56 შემთხვევაში გამოიკვეთა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ქორწინების მოტივი. 56 შემთხვევიდან 50 ფაქტზე შეწყდა გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით.

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, 2019 წელს 149 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, აქედან 105 შემთხვევაში შესაძლო დანაშაულის ჩადენის მოტივი იყო ბავშვთან ქორწინება. აქედან, გამოძიების დაწყების პარალელურად, 1 შემთხვევაში გამოიცა შემაკავებელი ორდერი, ხოლო 19 ფაქტზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

სახალხო დამცველი ანგარიშში დასძენს, რომ ადრეული ქორწინების საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია ეთნიკური უმცირესობათა წარმომადგენელი გოგოების შემთხვევაში.

აქ კვლავ გამოწვევად რჩება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ქორწინების იძულების დანაშაულებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება, რასაც ხშირად ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობის თემის მიმართ არსებული წინასწარგანწყობები და სტერეოტიპული დამოკიდებულება

მასალების გადაბეჭდვის წესი