ახალი ამბები

მწერლები და გამომცემლები წიგნებზე ონლაინ გაყიდვების და საგამომცემლო საქმიანობის აღდგენას ითხოვენ

3 აპრილი, 2020 • 1056
მწერლები და გამომცემლები წიგნებზე ონლაინ გაყიდვების და საგამომცემლო საქმიანობის აღდგენას ითხოვენ

ქართველი გამომცემლები და მწერლები მთავრობას ღია წერილით მიმართავენ, სადაც განმარტებულია, თუ რა ზიანს აყენებს მათთვის საგამომცემლო საქმიანობის და ონლაინ გაყიდვების შეზღუდვა. მათ მიერ გავრცელებული წერილის თანახმად, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, წიგნების გაყიდვებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, რაც ამსუბუქებდა გამომცემლობების და მწერლების ეკონომიკურ ზიანს. თუმცა, როდესაც ქვეყანაში ონლაინ გაყიდვებზეც დაწესდა შეზღუდვები, წერილის თანახმად, არსებობს საფრთხე, რომ წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა სექტორი შეწყვეტს ფუნქციონირებას.

“საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, წიგნების მაღაზიებისა და სხვა ტიპის საჯარო გაყიდვის წერტილების დახურვამ მოკლე დროში უდიდესი ზარალი მიაყენა ამ სექტორს, თუმცა ჩვენ ვცდილობდით ეს ზიანი დამანგრეველი არ ყოფილიყო და ამ მიმართულებით ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ სფეროს სასიცოცხლოდ ეხმარებოდა ონლაინ გაყიდვების კომპონენტი, რისი შეზღუდვის შემთხვევაში წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა სექტორი, ფაქტობრივად, შეწყვეტს ფუნქციონირებას.

იმედი გვაქვს, გაითვალისწინებთ ჩვენს თხოვნას, რომ აღდგეს საგამომცემლო საქმიანობისა და ონლაინ გაყიდვების შესაძლებლობა, რაც მოგვცემს წიგნის მომზადების, გამოცემისა და მკითხველისთვის მიწოდების საშუალებას”, – წერია წერილში.

გავრცელებულ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მსგავსი ღონისძიებები მსოფლიოს თითქმის არცერთ ქვეყანას არ მიუღია, რადგან აღნიშნული სფერო არა მხოლოდ ბიზნესია, არამედ მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იზოლაციის დროს.

წერილს ხელს აწერენ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, საქართველოს პენცენტრი, ასევე, ქართველი გამომცემლები და ავტორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი