ახალი ამბები

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა

2 აპრილი, 2020 • 1132
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების აღრიცხული შემთხვევების რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა.

worldometers.info-ს მონაცემებით, სადაც სტატისტიკა უწყვეტ რეჟიმში ახლდება, 2 აპრილის 22:15 საათის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსი 1 000 207 ადამიანს აქვს დადასტურებული. გარდაცვლილია 51 ათასზე მეტი პაციენტი, გამოჯანმრთელებულია 210 ათასზე მეტი, 738 ათასზე მეტი ადამიანი კი ამ წუთებშიც აგრძელებს მკურნალობას, მათგან 37 ათასი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ამ დროისათვის ეპიდემიის ეპიცენტრი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც შემთხვევების თითქმის მეოთხედია აღრიცხული, სულ, 235 ათასზე მეტი შემთხვევა, ასევე, 5 600-ზე მეტი გარდაცვალება.

ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა იტალია, სადაც ინფიცირების 115 ათასზე მეტი და გარდაცვალების 14 ათასამდე ფაქტია აღრიცხული.

შემდეგ მოდის ესპანეთი 110 ათასზე მეტი ინფიცირებულითა და 10 ათასზე მეტი გარდაცვლილით. რაც შეეხება ჩინეთს, სადაც ეპიდემია დაიწყო, ინფიცირების 81 500 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი დაახლოებით 3 300-ია.

საქართველოში კორონავირუსი 134 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 26 გამოჯანმრთელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი