ახალი ამბები

იგეგმება 3000 კოლოფი პლაქვენილის შემოტანა – სამინისტრო

2 აპრილი, 2020 • 1239
იგეგმება 3000 კოლოფი პლაქვენილის შემოტანა – სამინისტრო

პრეპარატი პლაქვენილი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების სამკურნალოდ გამოიყენება, დეფიციტშია.  ამის შესახებ ინფორმციას ფეისბუკ-მომხმარებლები ავრცელებენ, რომელთაც აღნიშნული პრეპარატი სხვა დანიშნულებისთვის სჭირდებათ, თუმცა მის მოძიებას სააფთიაქო ქსელებში ვერ ახერხებენ.

ერთ-ერთი ფეისბუკ-მომხარებლის, დაჩი ქარუმიძეს თქმით “პლაქვენილს” მისი ნათესავი იყენებს, რომელსაც პრეპარატის გარეშე უკუჩვენებები აქვს და ხელები უშავდება.

მედიკამენტი ესაჭიროება ერთ-ერთი ფეისბუკ-მომხამრებელის, კახა ბალაძის ახლობელსაც, რომელმაც “ნეტგაზეთთან” საუბარისას აღნიშნა, რომ თითქმის ორი კვირაა, რაც “პლაქვენილის” მოძიებას ცდილობს, თუმცა ამ ეტაპისთვის ვერსად იპოვა. ბალაძის ცნობით, პაციენტს შვიდი დღეა, რაც წამალი არ მიუღია:

“10-12 დღეა უკვე ვეძებ და არცერთ სააფთიაქო ქსელში არ იშოვება… აღარ შემიძლია, უკვე ნევროზი ჩამომიყალიბდა, ვერ ვიპოვე ვერსად, აღარ ვიცი, რა გზას დავადგე. გასაყიდს ვეძებ, მაგრამ არც ისეთი საშუალება მაქვს, რომ დოლარები გადავიხადო”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ბალაძემ.

ინფორმაციის დასაზუსტებლად “ნეტგაზეთი” ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ უახლოეს მომავალში 3 000 კოლოფი “პლაქვენილის” შემოტანა იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. მომხმარებლებს კი მედიკამენტის შეძენა ავერსის, პსპ-ს, ჯიპისის და ფარამდეპოს სააფთიაქო ქსელებში შეეძლებათ.

მედიკამენტთან დაკავშირებით 21 მარტს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრმაც გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ პლაქვენილი გამოიყენება COVID-19-ის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს, მკაცრად ექიმის დანიშნულებით და არ გამოიყენება ამ დაავადების საპროფილაქტიკოდ. გარდა ამისა ინფექციურმა საავადმყოფომ მოსახლეობას მიმართა თხოვნით, რომ არ შეიძინონ პრეპარატები აფთიაქებში COVID-19-თან დაკავშირებით:

“კატეგორიულად ვთხოვთ მოსახლეობას, არ შეეცადონ ამ მედიკამენტის აფთიაქებში შეძენას და მის გამოყენებას COVID-19-ის პროფილაქტიკის მიზნით, ვინაიდან მედიკამენტის არამიზნობრივმა გამოყენებამ შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ამ პიროვნების ჯანმრთელობას”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კატეგორიულად გთხოვთ, არ შეიძინოთ და გამოიყენოთ პლაქვენილი – ინფექციური

მასალების გადაბეჭდვის წესი