ახალი ამბები

შსს-მ კომენდანტის საათის დარღვევის 706 ფაქტი გამოავლინა, 204 დააჯარიმეს

2 აპრილი, 2020 • 1261
შსს-მ კომენდანტის საათის დარღვევის 706 ფაქტი გამოავლინა, 204 დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის  დარღვევის 706 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

უწყების თანამშრომლებმა 1 აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის დილის 6 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 204 მოქალაქე დააჯარიმეს.

გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 75 მოქალაქე დააჯარიმა.

1 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს განაგრძობს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.


საქართველოში საყოველთაო კარანტინი, მათ შორის, ე.წ. კომენდანტის საათი 31 მარტიდან გამოცხადდა.

2 აპრილის შუადღის [16:07] მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 130 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 26 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.

მასალების გადაბეჭდვის წესი