ნეტგაზეთი | პიკს შეიძლება აპრილის მეორე ნახევრიდან ველოდოთ – ტიკარაძე პიკს შეიძლება აპრილის მეორე ნახევრიდან ველოდოთ – ტიკარაძე – Netgazeti

პიკს შეიძლება აპრილის მეორე ნახევრიდან ველოდოთ – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის აზრით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი მოსალოდნელია აპრილის მეორე ნახევრიდან.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპისთვის მართლდება მოლოდინი, რომ 10 აპრილამდე სიტუაცია იქნებოდა მზარდი, მაგრამ კონტროლირებადი. ტიკარაძის თქმით, მართვადი ეპიდსიტუაცია არ ნიშნავს, რომ უკვე გართულებული და გაზრდილი შემთხვევების მართვის სტრატეგია შემუშავებული არ იყოს.

“ჩვენ ვთვლით, რომ პიკურ სტადიას შეიძლება ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან. იმაზე, თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი, როგორც სახელმწიფოს გუნდის მხრიდან, ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, და როგორი იქნება აღსრულების ნაწილი,  დამოკიდებული იქნება, თუ რა რაოდენობის პაციენტები გვეყოლება  უკვე აპრილის ბოლოს და მაისში, ასევე რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პიკური პერიოდი”, – განაცხადა ტიკარაძემ.

2 აპრილის 14:00 საათის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.