ახალი ამბები

ყველაზე კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია – რატიანი

2 აპრილი, 2020 • 859
ყველაზე კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის თქმით, ყველაზე კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მათ კლინიკაში იყო მოთავსებული, ამ ეტაპზე სტაბილურია. ამის შესახებ რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

“ყველაზე კრიტიკული პაციენტი, რომელიც ბოლნისიდან იყო გადმოყვანილი და იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე დადასტურებული კოვიდნფექციით, სტაბილურია. სახეზე იყო მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, ავტოკორონალური შუნტირება, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკამრისობა, არტერიული ჰიპერტენზია. ის მოთავსებული იყო კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, ფასდებოდა როგორც უკიდურესად მძიმე, ვინაიდან შემოყვანიდან ბოლო 24 საათში არ ისაზღვრებოდა მიკროცირკულაციის მოშლის გამო ოქსიგენაცია. ასევე, იყო მკვეთრი არტერიული ჰიპერტენზია ჰემოდინამიკის რღვევით. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მკვეთრი დადებითი დინამიკითაა, ბოლო 24 საათია მოხსნილია აპარატურის სუნთქვიდან, აბსოლუტურად კონტაქტურია, ადეკვატურია და ალბათ რამდენიმე საათი დაყოვნდება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, შემდეგ კი ჩამოვა თერაპიის განყოფილებაში”, – განმარტა რატიანმა.

მისი თქმით, ყველა დანარჩენი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობაც სტაბილურია, მათ შორის 80 წლის ქალის, რომლის მდგომარეობაც ისევ მძიმეა, თუმცა- სტაბილური. რატიანის თქმით, ექიმები ქალს აფასებენ, როგორც სტაბილურად მძიმე, დადებითი დინამიკის მქონე პაციენტს. გარდა ამისა, მართვადია 79 წლის ქალის მდგომარეობაც, რომელიც კლინიკაში მოთავსებისას მკვეთრად კრიტიკულად ფასდებოდა.

რატიანის თქმით, დღეს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დიდი ალბათობით გაეწერება ერთი პაციენტი, რომლის პირველად ტესტზე პასუხი უარყოფითია, თუმცა დასაზუსტებლად კლინიკა მეორადი ტესტის პასუხებს ელოდება, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაგზავნილია.

რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განმარტა, რომ კლინიკაში მოთავსებული ახალშობილების მდგომარეობაც სტაბილურია და მათზე ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითია, ამიტომ ეს პაციენტები დღეს დატოვებენ კლინიკას.

“კლინიკაში ასევე მოთავსებულია ორი ორსული ქალი, რომელთა მდგოამრეობაც სტაბილურია, როგორც დედის, ასევე- ნაყოფის”, – განაცხადა რატიანმა.

საქართველოში 2 აპრილის 13:30 საათის მონაცემებით დაფიქსირებულია კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელებულია 26 პაციენტი. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ- 281 პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი