ახალი ამბები

დავით წიკლაურმა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო დატოვა

2 აპრილი, 2020 • 2435
დავით წიკლაურმა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო დატოვა

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრმა დავით წიკლაურმა თანამდებობა დატოვა. წიკლაური საბჭოს წერად პარლამენტმა 3 წლის ვადით 2019 წლის ივნისში აირჩია. სააგენტოში აცხადებენ, რომ  წიკლაური კერძო სექტორს უბრუნდება და ინტერესთა კონფლიქტის გამო საპენსიო სააგენტოს ტოვებს.

“გაცნობებთ, რომ დავით წიკლაური, სამომავლო ინტერესთა კონფლიქტის თავის არიდების მიზნით, 2020 წლის 1 აპრილიდან, ტოვებს საინვესტიციო საბჭოს წევრის პოზიციას და უბრუნდება კერძო სექტორს.

ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას და ვეთანხმებით, რომ ეს ქმედება უზრუნველყოფს ინტერესთა შეუთავსებლობისგან პროცესის დაცვას. ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს, გამოვთქვამთ მადლიერებას და მიგვაჩნია, რომ ის იყო გუნდის ღირებული წევრი. საინვესტიციო საბჭო თავისი მანდატის განხორცილებას აგრძელებს არსებული შემადგენლობით, ხოლო საინვესტიციო საბჭოს ვაკანტური წევრის შერჩევა განხორცილდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად”,-აცხადებენ სააგენტოში.

საინვესტიციო საბჭოს ხუთი წევრიდან დავით წიკლაური ერთადერთი ქართველი იყო. ის 2019 წლის აპრილამდე საქართველოს ბანკის მთავარი ფინანსური ოფიცრის თანამდებობას იკავებდა. იყო ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსურ დარგში. წიკლაური სხვადახვა პერიოდში თიბისი ბანკშიც მუშაობდა.

„მადლობას გამოვთქვამ გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემთვის საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოში მუშაობა, ვფიქრობ, რომ იყო მეტად პროდუქტიული. მივიღე გადაწყვეტილება, კვლავ დავუბრუნდე კერძო სექტორს, დეტალების შესახებ კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, – ამბობს წიკლაური. მის კომენტარს საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის თანახმად, საინვესტიციო საბჭო 5 წევრისგან შედგება და მის წევრებს პარლამენტი 5 წლის ვადით ამტკიცებს. მანამდე იქმნება საინვესტიციო საბჭოს წევრთა შესარჩევი კომისია.

შესარჩევი კომისია მიღებულ  განცხადებებს განიხილავს, კანდიდატებთან ხდება გასაუბრებაც. ამ პროცესის დასრულების შემდეგ კომისია შერჩეულ 5 წევრს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს. საინვესტიციო საბჭომ საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკა უნდა განსაზღვროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი