ახალი ამბები

მამა-შვილი ასაჩივრებს ჯარიმას მარკეტში დისტანციის დარღვევის გამო

1 აპრილი, 2020 • 2206
მამა-შვილი ასაჩივრებს ჯარიმას მარკეტში დისტანციის დარღვევის გამო

მოქალაქე, რომელიც შვილთან ერთად მარკეტში სოციალური დისტანცირების წესის დარღვევის ბრალდებით 30 მარტს 3000 ლარით დააჯარიმეს, აცხადებს, რომ არ ეთანხმება ბრალდების სისწორეს, არ აპირებს ჯარიმის გადახდას და საქმეს ასაჩივრებს.

„მე არ გადავიხდი ამ ჯარიმას, მე ვიბრძოლებ ბოლომდე და აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს“, – წერს იგი და დასძენს, რომ პოლიციის ვერსიის საპირისპიროდ, ისინი არ გაუფრთხილებიათ და ასევე უარყოფს, რომ პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა.

„არავითარ გაფრთხილებას არ ჰქონია ადგილი, მოვიდნენ, მიმითითეს, რომ გავყოლოდი, გავყევი, ჩამსვეს მანქანაში და მითხრეს, რომ დისტანციის დარღვევის გამო დაჯარიმებული ვარ 3000-ლარიანი ჯარიმით“, – წერს ლადო აბსანძე.

„მე მათ ავუხსენი დარღვევის გამომრიცხავი გარემოებები, რომ მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია სივრცეში ვიმყოფებოდი შვილთან ერთად, რომელიც ჩემთან ერთად ცხოვრობს ჩემსავე სახლში და ახლა ერთი ავტომობილით ერთად ვიყავით ქალაქში სურსათისთვის გამოსული“, – განმარტავს იგი.

აბსანძე მოითხოვს, მაღაზიასთან არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღონ და გამოჰკითხონ თვითმხილველები.

„მე არ ვიბრძვი მხოლოდ 3000 ლარის ოდენობის ხარჯისგან თავის არიდებისთვის, მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, რომელიც არ ვცნობ დარღვევის ოქმს და ვგმობ ამ თავხედობას, ტყუილს. ახლა მხოლოდ იმისთვის ვიბრძვი, რომ უსაფუძვლოდ არ დაჯარიმდეს ის თანამოქალაქეებიც, რომლებსაც 3000 ლარი წლიური ბიუჯეტის სახით არ გააჩნიათ, ან თუ გააჩნიათ, უკანონო ჯარიმების გადასახდელად ნამდვილად არა“, – წერს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი