ახალი ამბები

ბოლნისის ერთი სოფელი სრულად ჩაკეტეს

1 აპრილი, 2020 • 2714
ბოლნისის ერთი სოფელი სრულად ჩაკეტეს

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ბოლნისი 1 აპრილიდან სრულად ჩაკეტეს — სოფელი იზოლირებულია.

მუნიციპალიტეტის ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში დადასტურებული 3 შემთხვევიდან 2 ინფიცირებული სწორედ ქვემო ბოლნისის მაცხოვრებელია.

მუნიციპალიტეტის და შსს-ს პრესრელიზების თანახმად, სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში ბლოკპოსტები მოეწყო, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს.

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი 23 მარტს გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა. როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტი წერს, სოფლის იზოლირება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა.

„დღეიდან ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის დატოვება ეკრძალება. აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მცხოვრებლების სამედიცინო შემოწმება“, – წერია განცხადებაში.

„ადგილობრივი მთვარობა აქტიურად მუშაობს, რათა მოსახლეობის ყველა საჭირო მოთხოვნილება დროულად იქნეს დაკმაყოფილებული“, – განაცხადა მერმა დავით შერაზადიშვილმა.

როგორც შსს იუწყება, სამინისტროს თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში გააკონტროლებენ, რომ მოქალაქეებმა შეზღუდვები დაიცვან.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ 2-ით გაიზარდა — 1 აპრილის 19:30 საათის მონაცემებით, ქვეყანაში, ჯამში, Covid-19-ით ინფიცირების 117 შემთხვევაა დაფიქსირებული.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის, გორის, თელავის და ახალციხის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე მოეწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი