საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ 2-ით გაიზარდა — 1 აპრილის 19:30 საათის მონაცემებით, ქვეყანაში, ჯამში, Covid-19-ით ინფიცირების 117 შემთხვევაა დაფიქსირებული.
როგორც მარინა ეზუგბაიამ ახლახან განუცხადა ჟურნალისტებს, ერთ-ერთი ახალი პაციენტი, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სომხეთიდან ჩამოვიდა.
„ინფიცირებული არის სომხეთიდან ჩამოსული პაციენტი. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის მძიმე“, – განაცხადა მან.
მეორე პაციენტი, 10 წლის ბავშვი, ახლა გადმოჰყავთ ბათუმიდან. ეზუგბაიას თქმით, პაციენტის ისტორია ამ ეტაპზე მისთვის უცნობია.
როგორც მთავრობის შექმნილ ვებსაიტზე, stopcov.ge-ზე წერია, 117-დან 23 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამავე მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 5783 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი- 301.