ახალი ამბები

ილონ მასკი საავადმყოფოებს ფილტვების ვენტილატორებს გადასცემს

1 აპრილი, 2020 • 989
ილონ მასკი საავადმყოფოებს ფილტვების ვენტილატორებს გადასცემს

ამერიკელი მილიარდერი და კომპანიების, Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი აცხადებს, რომ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებს, რომლებიც მათ აქვთ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საჭიროების შემთხვევაში, საავადმყოფოებს გადასცემს. ამის შესახებ მან თავად დაწერა „ტვიტერში“.

როგორც მასკი აცხადებს, ვენტილატორების ჩატანის ხარჯებს თავად დაფარავს, თუმცა ვენტილატორები რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოახმარონ პაციენტებს და საწყობებში არ შეინახონ.

„გვაქვს ვენტილატორები, რომელთა გამოყენების ნებართვაც FDA-ის მიერ [აშშ-ის მარეგულირებელი ორგანო] არის გაცემული. აპარატები და მათი ჩატანა უფასო იქნება. ერთადერთი მოთხოვნაა, რომ ვენტილატორები რაც შეიძლება სწრაფად მოახმარონ პაციენტებს და უბრალოდ, საწყობებში არ შეინახონ. გთხოვთ, [საჭიროების შემთხვევაში] მე ან Tesla-ს მაცნობეთ“, — წერს მასკი ტვიტერში.


ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები კორონავირუსით დაავადებულ ზოგ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს ვირუსის რთული ფორმის მიმდინარეობის შემთხვევაში.

ასეთი აპარატები ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით იქ, სადაც კორონავირუსის ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული და ჯანდაცვის სისტემაზე დიდი დატვირთვა მოდის, შესაძლოა არასაკმარისი რაოდენობის იყოს. ასეთი შემთხვევა იყო, მაგალითად, იტალიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი