ახალი ამბები

პოლონეთში ჩარჩენილი ქართველები საელჩოსთან მივიდნენ, პოლიციამ მათ ტერიტორია დაატოვებინა

1 აპრილი, 2020 • 2433
პოლონეთში ჩარჩენილი ქართველები საელჩოსთან მივიდნენ, პოლიციამ მათ ტერიტორია დაატოვებინა

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ხმაური იყო ვარშავაში, საქართველოს საელჩოსთან, სადაც პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები მას შემდეგ მივიდნენ, რაც ვარშავა-თბილისის 3 აპრილის რეისზე ბილეთები ვერ შეიძინეს.

“დღეს უნდა დაწყებულიყო ბილეთების გაყიდვა ვარშავა-თბილისის რეისზე. აღმოჩნდა, რომ ყველა ბილეთი გაყიდული იყო და ვერავინ მოასწრო ყიდვა. პოლონეთში არის ქართველების ჯგუფი, იქ დაორგანიზდა, რომ ყველა წასულიყო საელჩოსთან. მე პირადად როდესაც მივედი, ხალხი უკვე გამორბოდა. საელჩოსთან სპეცრაზმი იყო მოსული. რამდენიმე დააკავეს და წაიყვანეს. ვინც გამოასწრო, გაიქცა”, – განაცხადა პოლონეთში მცხოვრებმა ქართველმა მირიან ხერხეულიძემ.

მისი ვარაუდით, პოლიცია საელჩომ გამოიძახა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ “სპეცრაზმის გამოძახებას ადგილი არ ჰქონია”, სამართალდამცველები კი ადგილზე მივიდნენ იქიდან გამომდინარე, რომ პოლონეთში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში აკრძალულია ადამიანების მასობრივი თავშეყრა.

“მას შემდეგ, რაც საელჩოსთან მოგროვდა გარკვეული რაოდენობა საქართველოს მოქალაქეების და მათთან შესახვედრად გამოვიდა საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშომლები, ამ დროს სამართალდამცველები გამოჩნდნენ საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე და შეახსენეს საელჩოს, რომ საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეიძლება მოქალაქეთა მასობრივი შეკრება და მოუწოდეს ტერიტორიის დატოვებისკენ როგორც საელჩოს თანამშრომლებს, ასევე მოქალაქეებს”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული არავინაა და საელჩოსთან შეკრებილ პირებს მხოლოდ გაფრთხილება მისცეს.

რაც შეეხება 3 აპრილის ვარშავა-თბილისის რეისზე ბილეთების რეალიზაციის საკითხს, საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, მან პოლონეთის ავიახაზებისგან, რომლის მიერაც სრულად იყო ორგანიზებული ბილეთების გაყიდვის პროცესი, მონაცემები გამოითხოვა. ამ მონაცემებით, 1 აპრილს ავიაკომპანიამ 3 აპრილის ვარშავა-თბილისის რეისზე გასაყიდად გამოიტანა 67 ბილეთი. ბილეთების გაყიდვა დაიწყო ვარშავის დროით 10:00 საათზე. 32 ბილეთი გაიყიდა ვარშავის აეროპორტში მდებარე ავიაკომპანიის სალაროდან, ხოლო დარჩენილი 35 ბილეთი – ონლაინ, ანუ კომპანიის ვებ-გვერდის მეშვეობით, კომპანიის ინფორმაციით, 20 წუთის განმავლობაში. ბილეთის ფასი იყო 199 ევროს ეკვივალენტი პოლონურ ეროვნულ ვალუტაში.

“რაც შეეხება დანარჩენ 46 ბილეთს, როგორც ცნობილია, თავდაპირველად, კომპანიამ 3 აპრილის რეისზე ბილეთების ნაწილის გაყიდვა მოახდინა ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად – 26 მარტს. ამ ფაქტის აღმოჩენის შემდგომ კომპანიას ქართული მხარისგან ეთხოვა, დაუყონებლივ შეეწყვიტა ბილეთების რეალიზაცია, რადგან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, განრიგით გაწერილ რეისებზე ბილეთების გაყიდვა უნდა მოხდეს ავიარეისამდე 2 დღით ადრე”, – ნათქვამია საგარეო უწყების კომენტარში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს ბერლინი-თბილისის მიმართულებით 3 აპრილს დაგეგმილ ავიარეისზეც და ამბობს, რომ ბორტი განსაზღვრულია 120 მგზავრით, აქედან 110 ბილეთის რეალიზაცია კომპანიამ მოახდინა ფრენების შეზღუდვამდე, შესაბამისად, ეს მგზავრები ისარგებლებენ 3 აპრილის რეისით, დარჩენილი 10 ბილეთი კი კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ გაიყიდა.

“მხედველობაში ვიღებთ, რომ როგორც პოლონეთის რესპუბლიკაში, ისე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კონცენტრირებულია საქართველოში გამომგზავრების მსურველთა დიდი რაოდენობა. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის გავრცელების გამო საერთაშორისო ფრენების შეზღუდვის ფონზე, ვარშავიდან განხორციელდა ხუთი ორგანიზებული ფრენა, ხოლო ბერლინიდან – ორი ჩარტერული რეისი. „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ დაგეგმილ ავიარეისებზე ყოველთვის არის მგზავრთა ნაწილი, რომელსაც დიდი ხნით ადრე, გეგმურ ფრენებზე აქვს შეძენილი ბილეთები, შესაბამისად, მათი უფლებების დაცვის მიზნით, კომპანია ვერ ახერხებს ბილეთების სრული რაოდენობის ე.წ. თავისუფალ გაყიდვაში გამოტანას”, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი