ახალი ამბები

“მაესტროს” ჟურნალისტის თქმით, გურიაში პრემიერის ვიზიტისას პოლიციის უფროსი დაემუქრა

15 სექტემბერი, 2015 • • 2339
“მაესტროს” ჟურნალისტის თქმით, გურიაში პრემიერის ვიზიტისას პოლიციის უფროსი დაემუქრა

როგორც ვაჩიბერიძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, ინციდენტი მოჰყვა მის მიერ პრემიერ-მინისტრისთვის ნაციონალური მოძრაობის წევრების დაკავების შესახებ დასმულ შეკითხვას:

“გურიაში პრემიერის სტუმრობას მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის წევრების დაკავება. დაკავების პროცესში ეს ადამიანები “მაესტროსთან” საუბარში ამბობდნენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მოხდა მათი დაპატიმრება. ამის შემდეგ ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა გასულ წელს სტიქიის შედეგად დაზიანებული სკვერი, იქ ირაკლი ღარიბაშვილს დავუსვი ასეთი შეკითხვა: თქვენს სტუმრობას ნაციონალური მოძრაობის წევრების დაკავება მოჰყვა-მეთქი, ეს ადამიანები ამბობენ, რომ თქვენი დავალებით მოხდა მათი დაკავება და ხომ არ გაქვთ რაიმე ინფორმაცია?

 

პრემიერმა ამაზე პასუხი არ გაგვცა, რის შემდეგაც ჩემთვის უცნობი პირი მოვიდა, ხელი მომკიდა მკლავში და გვერდით გაყოლა მთხოვა. მე მეგონა ცნობისმოყვარე ადამიანი, რომელსაც აინტერესებდა, თუ რა მოხდა და ვინ დააკავეს, მე ვუთხარი, რომ მასალები მაქვს გადასაგზავნი ტელევიზიაში და შემდეგ მოგიყვებით-მეთქი.

მერე ეს ადამიანი გაჯინიანდა და მითხრა წამოდიო, მე იცი ვინ ვარო? ვინ ხართ-მეთქი და იმ ადგილიდან, სადაც პრემიერი იმყოფებოდა, 50-60 მეტრის მოშორებით წამიყვანა. მხოლოდ მე ვიყავი”, – ამბობს მაესტროს ჟურნალისტი ნეტგაზეთთან საუბარში და დასძენს, რომ ზემოხსენბულ პირს მისი მოფარებულ ადგილას გაყვანა სურდა.

 

“ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი ვარ და მეჩქარება მასალის ატვირთვა-მეთქი, არაო, ახლავე პოლიციის მანქანაში ჩაგაგდებ და აქაურობას დაგატოვებინებო. რატომ პროვოკატორობო? ღარიბაშვილს რატომ ეკითხები, მან უნდა იცოდეს, ჩვენ ვინ დავაკავეთო? ჩემთვის გეკითხაო. მე ვუთხარი,პრემიერმა კომენტარი არ გააკეთა და თუ თქვენ მოგვცემთ ინტერვიუს, თქვენ ჩაგწერთ, რა მიზეზით მოხდა ამ ადამიანების დაკავება-მეთქი. ნუ ცინიკოსობო, აქედან მოგაშორებ და აგაორთქლებო. მე ვუთხარი, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს ნუ მიშლი-მეთქი”, – აცხადებს ვაჩიბერიძე.


ირაკლი ვაჩიბერაძე
ირაკლი ვაჩიბერაძე

 

მისივე თქმით, მაესტროს ოპერატორი მასთან ერთად არ იმყოფებოდა, რადგან იმ დროს პრემიერის კადრებს იღებდა:

 

“მე მას ხმას ვერ ვაწვდენდი. ბოლოს GDS-ის ჟურნალისტს მოვკარი თვალი და ხელი დავუქნიე, მომეშველე-მეთქი. ყვირილი დავიწყე. მას შემდეგ, რაც ის ჟურნალისტი მოვიდა, ის კაცი მეუბნებოდა, დროზე საბუთი მაჩვენეო, მე საიდან ვიცი, რომ ჟურნალისტი ხარ, საბუთი არ გაქვსო. ვუთხარი, მანქანაში მაქვს საბუთი-მეთქი, მანქანამდე არ მიგიშვებო, აქვე გამიჩინე საბუთიო…

 

ამის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურის თანამშრომელ ანა გოჩაშვილთან ერთად მივედი ამ ადამიანთან… ვუთხარი, აგერ არის ღარიბაშვილის პრესსამსახური და მან იცის, რომ ჟურნალისტი ვარ-მეთქი. ამ ადამიანმა საერთოდ სხვა რაღაც თქვა, მითხრა, შენ მე მატყუებდი, მუშა ვარო, არ გრცხვენიაო. მთლიანად შეატრიალა საუბარი”, – ამბობს ვაჩიბერიძე.

 

ჟურნალისტის ინფორმაციით, ეს ადამიანი ადგილობრივი პოლიციის უფროსი კობა ცერცვაძე აღმოჩნდა:

 

“ანა გოჩაშვილთან ერთად თქვა, რომ ვერაფერს მომაჭამთო… ანამ ეს გაიგონა და უთხრა, არ გრცხვენიათ, რას ამბობთო და არაფრის მრცხვენიაო. ჩემთვის არავის მოუხდია ბოდიში”.

ვაჩიბერაძის ინფორმაციით, მისმა ოპერატორმა, რომელსაც GDS-ის ჟურნალისტმა დაუძახა, მოახერხა და გადაიღო ინციდენტის ბოლო ნაწილი, როდესაც მას ჟურნალისტის დამადასტურებელ “საბუთს” სთხოვდნენ. მისივე თქმით, ამ თემაზე სიუჟეტი “მაესტროს” ეთერში გავა.

ჟურნალისტის განცხადებით, მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ასევე არ ყოფილა ძალით მანქანაში ჩასმის მცდელობა.

“როდესაც ვეუბნებოდი, ვინ ხარ-მეთქი, არ აქვს მაგას არსებითი მნიშვნელობა შენთვისო. თავიდან მკლავში მომკიდა ხელი, ძმაკაცურად რომ გადახვევ ხელს, ოღონდ ეს ხდებოდა მანამ, სანამ მე დაყვირება და ვინმესთვის დაძახება შემეძლო, შემდეგ უკვე ასე “მეკაჩავებოდა”, – აცხადებს ჟურნალისტი.


ანა გოჩაშვილმა ნეტგაზეთის სატელეფონო ზარებსა და SMS-ს  ჯერჯერობითარ უპასუხა, ხოლო შსს-ში ინფორმაციის გადამოწმებას დაგვპირდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი