ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში 22 მედიას ააღებინეს „პანიკის გამომწვევი“ ინფორმაცია Covid-19-ზე – Hetq

1 აპრილი, 2020 • 1595
სომხეთში 22 მედიას ააღებინეს „პანიკის გამომწვევი“ ინფორმაცია Covid-19-ზე – Hetq

სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ 22 მედიასაშუალებას წააშლევინეს ან შეაცვლევინეს ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით, რაც „პანიკას თესავდა“, – იუწყება სომხური გამოცემა, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება Hetq.

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 16 მარტიდან გამოცხადდა. სომხეთის პარლამენტმა 20 მარტს, საღამოს საათებში, საგანგებო სხდომა გამართა, სადაც დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები, რითაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში იკრძალება „ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რამაც, შესაძლოა, პანიკა გამოიწვიოს“.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორ მედიასაშუალებას პოლიციამ ინფორმაციის ამოღება და შეცვლა მოსთხოვა. ორივე გამოცემა იძულებული გახდა, ასეც მოქცეულიყო.

1 აპრილს პოლიციის უფროსის მოადგილემ, ჰაიკ მჰრიანმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, პოლიცია, ჯამში, 22 მედიასაშუალებას დაუკავშირდა და მოსთხოვა ისეთი ინფორმაციის აღება, რაც შეუსაბამო იყო „მთავრობის ინსტრუქციასთან და ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციასთან“.

წაშლილი ფეისბუკ-პოსტები

ამას გარდა, Hetq-ის ცნობით, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც არა მედიასაშუალებებს, არამედ მოქალაქეებს მოსთხოვეს ფეისბუკიდან პოსტების წაშლა იმავე მიზეზით. ერთ-ერთ მაგალითად გამოცემას მოჰყვას პლასტიკური ქირურგის, ართავაზდ საჰაკიანის შემთხვევა.

როგორც Hetq წერს, საჰაკიანმა ფეისბუკზე დაწერა პოსტი, რომლითაც მთავრობას მოუწოდებდა, ვირუსის წინააღმდეგ მკვეთრი ზომები მიეღოთ და ხაზი გაუსვა სიტუაციის გაუარესებას გლობალურად, განსაკუთრებით ევროპაში.

საჰაკიანის თქმით, პოლიციამ მას პოსტის წაშლა მოსთხოვა იმ არგუმენტით, რომ „პანიკას თესავდა“. ექიმი ამ შეფასებას არ ეთანხმება.

პოლიციის უფროსის მოადგილეს ასევე ჰკითხეს, რამდენი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა სოციალურ ქსელებში, თუმცა მას ამაზე ინფორმაცია ბრიფინგის დროს არ ჰქონდა და თქვა, რომ მოგვიანებით ექნებოდა პასუხი.

რა იკრძალება?

კითხვაზე, თუ რა ითვლება „პანიკის გამომწვევ ინფორმაციად“, პოლიციის უფროსის მოადგილემ განაცხადა, რომ „ასეთ კონტენტს პროფესიონალები სწავლობენ“.

Hetq-ის ინფორმაციით, არღვევს თუ არა ესა თუ ის პუბლიკაცია დადგენილ წესებს, გადაუდებელ სიტუაციათა სახელმწიფო კომისია სწავლობს.

გამოცემის ცნობითვე, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მიღებული განკარგულებით, მთავრობა მედიასაშუალებებს მხოლოდ ოფიციალური წყაროების გავრცელებული ინფორმაციის გამოყენების უფლებას აძლევს კორონავირუსთან დაკავშირებით, — დაინფიცირებულთა რაოდენობა, ინფიცირების წყაროები, კონტაქტების წრე, რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვისაც ტესტირება ჩაუტარდა, თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფთა რაოდენობა და ა.შ.

გამოხმაურება და კრიტიკა

16 მარტსვე, — მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, — საერთაშორისო ორგნიზაციამ, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, ტვიტერზე დაწერა:

„სომხეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მედია დაავალდებულა, მხოლოდ ოფიციალური წყაროების ციტატები მოიტანოს. ინფორმაციის კონტროლი არ უწყობს ხელს ეპიდემიასთან ბრძოლას  — ის ჭორებისა და შიშის გავრცელებაში ეხმარება“.

20 მარტს სომხურმა მედიაორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს ახალი მიმართვა და პროტესტი გამოხატეს ცვლილების გამო:

„არაერთ ფორმატში გამოვხატეთ შეშფოთება და ნეგატიური დამოკიდებულება იმ ცვლიებებზე, რომლებიც ინფორმაციის გავრცელებას ეხება მთავრობს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში“.

11 ორგანიზაციის საერთო წერილში ცვლილებები მოხსენიებულია, როგორც „არაპროპორციული, არაეფექტური და არაგონივრული“. „პანდემიის ფონზე, ეს არ არის საჯარო ინტერესი“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

სომხეთი „პანიკის გამომწვევი ინფორმაციის“ გავრცელებას კრძალავს

მასალების გადაბეჭდვის წესი