ახალი ამბები

გომელაური: აღდგომის აღნიშვნის ფორმაზე საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ

1 აპრილი, 2020 • 1313
გომელაური: აღდგომის აღნიშვნის ფორმაზე საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ მთავრობა აქტიურ კოორდინაციაშია საპატრიარქოსთან აღდგომის დღესასწაულის გამართვის ფორმებთან დაკავშირებით.

ჟურნალისტებმა მინისტრს ჰკითხეს, რა ზომებს გაატარებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ შემთხვევაში, თუ 3 ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვის მიუხედავად, ხალხი ეკლესიებში მაინც შეიკრიბება და ხომ არ არის საპატრიარქოსთან რაიმე შეთანხმება მიღწეული.

ვახტანგ გომელაურის თქმით, აღდგომის დღესასწაულამდე ორი კვირაა და ფორმაზე შეჯერდებიან:

“საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ ყველა, არამარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად მთავრობა. გავიარეთ სხვადასხვა მიმართულება. თუმცა აღდგომა მოდის, ჯერ ორი კვირაა იქამდე. შევჯერდებით, როგორ და რა ფორმით ჩატარდება ყველაფერი. 2 ვირაში რა იქნება მსოფლიოში, არავინ არ იცის და ჩვენთან წინასწარ ვერ დავგეგმავდით ნამდვილად”, – ამბობს გომელაური.

საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ამოქმედდა, იკრძალება 3-ზე მეტი პირის შეკრება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია. საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 21 აპრილამდე გამოცხადდა, აღდგომა კი საქართველოში 2020 წელს 19 აპრილს აღინიშნება.

რეგულაციების გამო ქართული ეპარქიები აშშ-სა და UK-ში წირვას მრევლის გარეშე ჩაატარებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი