ახალი ამბები

რეგულაციების გამო ქართული ეპარქიები აშშ-სა და UK-ში წირვას მრევლის გარეშე ჩაატარებენ

24 მარტი, 2020 • 1393
რეგულაციების გამო ქართული ეპარქიები აშშ-სა და UK-ში წირვას მრევლის გარეშე ჩაატარებენ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის, ასევე, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიებმა კოროანვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული რეგულაციების გამო საჯარო ღვთისმსახურება შეაჩერეს.

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპოსკოპოსი ზენონი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიის რესპუბლიკაში დაწესებული სახელმწიფო შეზღუდვებისა და შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღეს:

“21 მარტიდან დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დიოცეზში შემავალ სამრევლო ტაძრებში, მსგავსად აქ წარმოდგენილი სხვა მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიებისა, დროებით შეჩერებულია საჯარო ღმრთისმსახურებები. დიდი მარხვის ტიპიკონით გათვალისწინებული მსახურება აღესრულება მხოლოდ სამრევლო ტაძრების მღვდელმსახურთა მიერ.

შექმნილ მძიმე ვითარებაში ქრისტიანებს გვმართებს დავემორჩილოთ ადგილობრივ უწყებებეს, რომლებიც ზრუნავენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. შესაბამისად, პასუხისმგებლობითა და გულისყურით მოვეკიდეთ ყველა საჭირო რეკომენდაციას. ვისთვისაც ეს შესაძლებელია, დარჩით სახლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული პანდემიის სწრაფად გავრცელების საფრთხე”, – ამბობს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი.

მსგავსი გადაწვყეტილება მიიღო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მიტროპოლიტმა საბა ინწკირველმა. ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მიტროპოლიტმა მრევლს საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე პირდაპირი ეთერით ამცნო, რომ წირვა-ლოცვა ამ ეპარქიის დაქვემდებარებულ ტაძრებში მრევლის გარეშე აღევლინება.

მიტროპოლიტის თქმით, გადაწყვეტილება ექვემდებარება აშშ-ის და კანადის საელმწიფოების მიერ გაცემულ მოთხოვნას.

რა ხდება საქართველოში

მიუხედავად ვირსუთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა, წირვას კვლავ მრევლის თანდასწრებით ატარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს შიდა ტერიტორიაზე.

„მრევლს ავუხსნით, რომ დისტანცია დაიცვან, როცა მსახურებაზე დადგებიან“, – განაცხადა საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოაცხადა. თავდაპირველად პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება შეიზღუდებოდა. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ დეკრეტში რაიმე რიცხვი არ წერია;

თალაკვაძის განცხადებით, „დეკრეტის ტექსტი ამბობს, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის რიტუალში მონაწილეობა ამ უფლების ნაწილია“.

საგანგებო სიტუაციის გამოცხადების მერე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებში წირვა ჩვეულებრივ ჩატარდა და მორწმუნეებიც საერთო კოვზით ეზიარნენ. ეკლესიების ნაწილში მრევლი ეზოში განთავსდა და მათ წირვის მოსმენა სპეციალური ხმის გამაძლიერებლებით შორიდანაც შეეძლოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი