ახალი ამბები

საგანგებოს გაუქმებამდე GPB-ის სამეურვეო საბჭოს კანდიდატების კონკურსი წყდება

1 აპრილი, 2020 • 1138
საგანგებოს გაუქმებამდე GPB-ის სამეურვეო საბჭოს კანდიდატების კონკურსი წყდება

სქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის შესარჩევი კონკურსი შეჩერდა.

კონკურსი სამეურვეო საბჭოში 3 კანდიდატის შესარჩევად იმართებოდა, ვინაიდან მიმდინარე წლის 17 აპრილს ბორდის 3 მოქმედ წევრს – ქეთევან მსხილაძეს, ნინია კაკაბაძეს და გია იაკობაშვილს – უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 9 წევრისგან შედგება. საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით, ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

მეურვის უფლებამოსილების ვადაა არაუმეტეს 6 წლისა. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი იცვლება 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება აირჩეს მეურვედ 1 ვადაზე მეტი ხნით.

რაც შეეხება ამჟამინდელ ვაკანსიას, 2 კანდიდატი საპარლამენტო უმცირესობის, 1 კი – უმრავლესობის კვოტით უნდა შეირჩეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი