ახალი ამბები

ყირგიზეთში ქორწილი ონლაინ გადაიხადეს

30 მარტი, 2020 • 1057
ყირგიზეთში ქორწილი ონლაინ გადაიხადეს

28 მარტს ყირგიზეთში  წყვილმა კორონავირუსის — COVID-19-ის მიუხედავად ქორწილი გადაიხადა, თუმცა, კარანტინის რეჟიმის დარღვევის გარეშე — ქორწილი თითქმის მთლიანად ონლაინ-რეჟიმში ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ვებ-გვერდი 24.kg ავრცელებს.

24.kg-ის ცნობით, ქორწილს წამყვანიც ჰყავდა — ურმატ ასანბეკოვი. მისი განცხადებით, დაქორწინებულებს, იულიას და ისკანდერს, ქორწინება პანდემიის დაწყებამდე ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა ბოლო მოვლენების გამო ფორმატის შეცვლა მოუწიათ — ცერემონია ნიღბებში ჩატარდა, წვეულება კი, ონლაინ-რეჟიმში.

ასანბეკოვის თქმით, წვეულებას, რომელიც მან მოაწყო, 40 ადამიანი ესწრებოდა, ოღონდ ონლაინ-რეჟიმში, ვიდეოკავშირით.

ონლაინ-ქორწილის ამსახველი კადრები. სკრინშოტი ვიდეოდან

ონლაინ-ქორწილის ამსახველი კადრები. სკრინშოტი ვიდეოდან

სადღეგრძელოების წარმოთქმის შემდეგ წარმოქმნილ მცირე შესვენებებში ვიდეოჩართვას უერთებოდნენ მუსიკოსები, მომღერლები და ილუზიონისტი.

თუმცა ახალდაქორწინებულები აცხადებენ, რომ კარანტინის დასასრულის შემდეგ კიდევ ერთ ქორწილს გადაიხდიან — ამჯერად, რეალურ-რეჟიმში, ხოლო ამ ქორწილს მაინც წარმატებულად მიიჩნევენ და მოხარულები არიან, რომ ასეთ ფორმატში ჩაატარეს.


ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში 25 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეა. დაკეტილია ყველა გასართობი დაწესებულება, რესტორნები და ა.შ.

გარეკანის ფოტოზე: სკრინშოტი ვიდეოდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი