ახალი ამბები

აბორტები, სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად… ეს ხომ არ არის ამ ვირუსის ასე ტოტალურად გავრცელების მიზეზი? – მოსაყდრე შიო

29 მარტი, 2020 • 1523
აბორტები, სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად… ეს ხომ არ არის ამ ვირუსის ასე ტოტალურად გავრცელების მიზეზი? – მოსაყდრე შიო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა დღეს, 29 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა. მისი განცხადებით, დროა საზოგადოება დაფიქრდეს კორონავირუსის გავრცელბა მთელ მსოფლიოში ხომ არ უკავშირდება ადამიანების ცოდვებს.

“როგორც მედალს აქვს ორი მხარე, აქაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ მოვლენასაც აქვს პირობითად რომ ვთქვათ, ორი მხარე აქვს. ერთი მხარე უფრო მატერიალური, ფიზიოლოგიურია… ამ თვალსაზრისით ჩვენ ეს ძალიან გვაწუხებს და უნდა ვეცადოთ ყველანაირად დავიცვათ რჩევები და რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის მუშაკები გვირჩევენ, რასაც სახელმწიფო გვირჩევს იმისთვის, რომ გადადება არ მოხდეს… ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და ესეც ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინებაა…

დავარქვათ ამას მწარე წამალი… იმისთვის ხდება, რომ ადამიანი დაფიქრდეს, გამოსწორდეს თუ რაიმე ცოდვა აქვს მის ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაში… ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ არა თუ ჩვენ მართლმადიდებლები, არამედ არამართლმადიდებლებიც ასევე პოლიტიკოსები არაერთი ქვეყნისა გამოდიან და ამაზე საუბრობენ.. სინანულზე საუბრობენ… ფიქრობენ ამ ცოდვაზე, რა შეიძლება იყოს მიზეზი ამ დიდი უბედურებისა. ხომ არ შევცოდეთ ჩვენ… საჯაროდ ინანიებენ და ასახელებენ ამ ცოდვებს, რომელიც უნდა გამოსწორდეს. ეს არის პირველ რიგში უფლისგან განდგომ, ღვთის დავიწყება… ეს ის ცოდვებია ერის ცოდვები როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. ხომ არ არის დრო დავფიქრდეთ ამაზე, რომ ხომ არ არის ეს მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა. ამ ყველაფერ რატომ გეუბნებით?! ვიმეორებ ამ ყველაფრის აღქმას ორი შრე აქვს ერთი მატერიალური, ფიზიოლოგიური და მეორე არის სულიერი. ჩვენ ორივეზე უნდა ვიფიქროთ,” – განაცხადა მოსაყდრე შიომ.

სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 29 მარტს, წირვა გაიმართა. როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს წირვის დასრულების შემდეგ მრევლს საერთო კოვზით აზიარებენ. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სახელმწიფოსგან რეკომენდაციები მიიღეს, რაც უმთავრესად ეკლესიაში მომლოცველებს შორის დისტანციის დაცვას გულიხსმობს. ჯაღმაიძის თქმითვე, საპატრიარქო ამ რეკომენდაციას ასრულებს და მაგალითად სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელ წირვაზე ეს დისტანცია დაცული იყო.

“რეკომენდაციები გვაქვს მიღებული და მათზე დამატებითი განმარტებებიც მივიღეთ. განგვიმარტეს შემდეგი რომ მთავარი დისტანციის დაცვაა და დღეს თქვენ ნახეთ როგორი მოწესრიგებული იყო მსახურება. ამას გარდა, ამ დღეებში ძალიან ბევრ მასალას იხილავთ, რადგან ჩვენ ვთხოვეთ ტაძრებს, სადაც მსახურება ჩატარდა ეს წესი დაეცვათ და შესაბამისი ფოტო და ვიდეომასალა გადმოეგზავნათ,”-აცხადებს ჯაღმაიძე.

მართმადიდებლური ეკლესიის პატრიაქი ილია მეორე წირვას ბოდბის მონასტერში ჩაატარებს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, წირვის დროს მრევლი ტაძარში არ იქნება და პატრიარქის წირვას ეზოში მოისმენს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას თავი შეიკავონ ხალხმრავალი შეკრებებისგან. მისი თქმით, გამონაკლისს არც სამეგობრო, ოჯახური თუ რელიგიური შეკრებები არ უნდა წარმოადგენდეს.

მთავრობის 23 მარტის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით (21 აპრილამდე) იკრძალება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია.

ბუნდოვანი რჩება, ეხება თუ არა დადგენილებით გათვალისწინებული შეზღუდვები საეკლესიო რიტუალებს. შესაბამისი კითხვის პასუხად პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ “10 ადამიანამდე შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს”, თუმცა საქართველოს ეკლესიებში გრძელდება ღვთისმსახურება, რომელსაც, ხშირად, 10 ადამიანზე მეტი ესწრება. სასულიერი პირების ნაწილი მათ დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი