ნეტგაზეთი | ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც – გახარია ფოთის პორტის გაფართოებაზე ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც – გახარია ფოთის პორტის გაფართოებაზე – Netgazeti

ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც – გახარია ფოთის პორტის გაფართოებაზე

APM Terminals-მა ფოთის ნავსადგურის გაფართოების ნებართვის პირველი საფეხური გაიარა და მიწათსარგებლობის ნებართვა მიიღო.

ნებართვის დროულად მიღების გამო კომპანია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მადლობას უხდის და ამბობს, რომ “არსებული კრიზისის ფონზე, ძალზედ დადებითი და იმედისმომცემი ფაქტია, რომ მთავრობა შეუქცევადად უჭერს მხარს ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოებას და მის როლს ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკების განვითარებაში”.

APM Terminals განმარტავს, რომ პირველი საფეხურის ნებართვის მიღება მხოლოდ პროცესის დასაწყისია და შემდეგი საფეხურია პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესწავლა და დეტალური დოკუმენტაციის შემუშავება. “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2020 წლის 11 თებერვალს ხელახლა მიმართა ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისათვის მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად, რაც სამშენებლო ნებართვის მიღების ოფიციალური სამსაფეხურიანი პროცედურის საწყის ეტაპს წარმოადგენს.

როგორც ცნობილია, “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ნებართვის მიღების პროცედურა თავდაპირველად 2019 წელს დაიწყო და პირველადი ნებართვა მიიღო კიდეც, რის გამოც შეშფოთება გამოხატა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ფოთის პორტის განვითარება შეზღუდულია და ანაკლიი პორტი სტრატეგიულ პროექტად რჩება.

„გაითვალისწინეთ ერთი რამ – ფოთის პორტის განვითარება არის შეზღუდული. მაქსიმუმ განვითარდეს დაახლოებით 6 მლნ დამატებითი ტონით, მეტი ადგილი იქ ფიზიკურად არ არის, რაც ნიშნავს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც 100 მლნ დამატებით ტონაზე იყო გათვლილი, არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და სტრატეგიული პროექტი. ამიტომ, ვისაც უნდა განავითაროს ანაკლია, მოიტანოს დაფინანსება რაც შეიძლება სწრაფად და ჩვენ მას გავუკეთებთ ყველაფერს. ფოთმა რა ვალდებულებაც აიღო – დამატებითი ტვირთების მოზიდვის და სიმძლავრეების შექმნა – უნდა განახორციელოს 2 წელში. ფოთის პორტის ვალდებულებაა, უახლოესი 2 წლის განმავლობაში 350 მლნ დოლარის ინვესტირება და, მინიმუმ, მშენებლობის ეტაპზე 1500 სამუშაო ადგილის შექმნა. ვინც ამის წინააღმდეგი იქნება, დავუდგები ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ფორმით ამ თემაზე სასაუბროდ“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არის ეპიდემია და თითოეული ლარი დამატებითი ინვესტიციისა ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილებს.

“დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომ ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც. ვინმეს რამე რესურსი თუ აქვს და შეუძლია ანაკლიაში, ან რაიმე კიდე სხვა მსხვილ პროექტში, იქნება ეს ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი, დამატებითი ინვესტირება, პირადად მე გპირდებით, რომ თითოეული ლარი იქნება დათვლილი და სახელმწიფო გაუწევს ყველანაირ მხარდაჭერას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.