ახალი ამბები

არ ვიცით სამი შემთხვევის პირველწყარო – გამყრელიძე

28 მარტი, 2020 • 1347
არ ვიცით სამი შემთხვევის პირველწყარო – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 85 შემთხვევიდან სამის პირველწყარო დადგენილი არ არის.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ერთ შემთხვევაში წყაროს დადგენის იმედი აქვს, დანარჩენ ორში კი – არა.

“არ ვიცით სამი შემთხვევის პირველწყარო. ამ სამიდან ერთში, დიდი იმედი გვაქვს, რომ [წყაროზე] გასული ვართ და დავადგენთ და ისიც უკვე იზოლირებული და გამოკვლეულია, მაგრამ ორის შემთხვევის ნამდვილად არ ვიცით და დიდი ალბათობით, ალბათ, ვერ დავადგენთ. ამ ორ შემთხვევაში უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი. არის ეს ხალხი ქვეყანაში, სადაც უკვე არის ნიშანი და არის განგაშის ნიშანი შიდა გადაცემისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება ვიღაცისგან, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და ის ინფიცირებული ადამიანი დადის ქვეყანაში და ის უკვე სხვა ასნებოვნებს, სხვას გადასდებს, თვითონ ეს ფაქტია საყურადღებო და საგანგაშო, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში.

28 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 85 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 641 პაციენტი. 239 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი