ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუხის ახალი საავადმყოფო პაციენტებს აფხაზეთიდანაც მიიღებს

28 მარტი, 2020 • 1932
რუხის ახალი საავადმყოფო პაციენტებს აფხაზეთიდანაც მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და ჯანდაცვის მინისტრის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუხის ახალი საავადმყოფო მოინახულეს. მთავრობის ცნობით, საავადმყოფო, რომელიც აღჭურვილია სასუნთქი აპარატებით, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ პაციენტებს მიიღებს.

“ჩვენ მოგვიწევს კიდევ მუშაობა ექიმების მოგროვებაზე. საბოლოო ჯამში, ჩვენ გვექნება საშუალება მივიღოთ 200-მდე პაციენტი, რომელიც როგორც მართვით სუნთქვაზე იქნება, ასევე ბოქსირებულ პალატებში მიიღებენ მომსახურებას. ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან მივიღებთ პაციენტებს და რა თქმა უნდა, მათაც გავუწევთ მომსახურებას”, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი

“მოგეხსენებათ, დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიებიდან. ჩვენ მივეხმარებით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმარება, ის მიიღებს სამედიცინო დახმარებას, ვისაც სჭირდება საკარანტინე ზონა, მიიღებს ამ ზონას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედების ძირითადი მისია სწორედ ეს არის,“ – განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.

როგორც გახარია აცხადებს, უკვე უახლოეს დღეებში რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა მზად იქნება COVID-19-ით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად.

ამ დროისთვის, აფხაზეთში, სოხუმის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები არ არის. გარდა ამისა, აფხაზურმა მხარემ ენგურის გამშვები პუნქტი რამდენიმე კვირის წინ, თბილისში კორონავირუსის ფაქტის აღმოჩენის შემდეგ დაკეტა.

სოფელი რუხი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე, ზუგდიდი–გალის სავტომობილო გზაზე მდებარეობს. პროექტის ღირებულება, როგორც მისი მშენებლობის დროს იყო მთავრობის მიერ გაცხადებული, 41 264 000 ლარია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი