ახალი ამბები

მთავრობა ყველაფერს აკეთებს და ხელი არ შევუშალოთ – კვირიკაშვილი

28 მარტი, 2020 • 1776
მთავრობა ყველაფერს აკეთებს და ხელი არ შევუშალოთ – კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კვირიკაშვილი აღტაცებას და მადლიერებას გამოხატავს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების მიმართ “თავდადების, პროფესიონალური ბრწყინვალებისა და მოქალაქეობრივი ტვირთის უზადოდ ტარებისთვის”.

“განსაკუთრებულად იმ ადამიანებს მადლობა, ვინც სწორი და დროული მიმართულება მისცეს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეაგირებას ამ ურთულეს გამოწვევაზე, რომელსაც ბევრმა, გაცილებით უკეთ დაფინანსებულმა სისტემამ, სამწუხაროდ, ვერ გაართვა თავი. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე”, – წერს გიორგი კვირიკაშვილი.

ექს-პრემიერი ასევე მადლობას უხდის პოლიციელებს, მესაზღვრეებს, სამხედროებს, ტრანსპორტის თუ სავაჭრო სფეროში მომუშავე და სხვა ადამიანებს, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად აგრძელებს ურთულეს პირობებში მუშაობას.

“მთავრობა აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს, რათა მძიმე შედეგები თავიდან იქნას აცილებული. ასეთ დროს ჩნდება სურვილი, რომ ერთი რიგითი მოქალაქის და ჯარისკაცის პოზიციიდან, შესაძლოა არა უაზრო, მაგრამ უკონტექსტო და სიტუაციისთვის უადგილო კრიტიკით, მინიმუმ ხელი არ შეუშალო იმას, რამაც ქვეყანა მინიმალური დანაკარგებით და რაც შეიძლება მალე უნდა გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან. ერთი კია, შორეულ ისტორიას რომ არ დავესესხო, 9 აპრილიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის ბოლო 31 წლისთვის თვალის გადავლებითაც ცხადი ხდება, რომ შეგვძლებია ერთმანეთის სიყვარულიც, გატანაც, გაჭირვებულის დახმარებაც, თავგანწირვაც, დაუფასებელი პროფესიონალიც ბევრი გვყოლია, უბრალოდ ერთი რამ გვაქვს მეც და ყველასაც გასაკეთებელი, რომ მომავალში ყველაფერი ეს მოვახერხოთ მანამდე, სანამ ასე მოიღრუბლება, რომ ერთხელაც გვიანი აღარ იყოს”, – ნათქვამია კვირიკაშვილის მიმართვაში.


კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. 28 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 85 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 641 პაციენტი. 239 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი