ახალი ამბები

ხევსურეთის სოფელ არდოტში მცირე ჰესი აშენდება

30 მარტი, 2020 • 2024
ხევსურეთის სოფელ არდოტში მცირე ჰესი აშენდება

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ხევსურეთში, სოფელ არდოტში მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 5.8 მილიონი ლარია.

სამუშაოს შესრულების ვადაა არაუგვიანეს 2020 წლის 15 სექტემბერი. ფონდმა ტენდერი 27 მარტს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 12 აპრილს დაიწყება და 17 აპრილს დასრულდება.

არდოტი ჰესის განვითარების ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ დაგეგმილია 150კვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის აშენება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ არდოტში, ადგილობრივი მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით.

„ამ ეტაპზე აღნიშნული ჰესი არ ჩაირთვება არც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ქსელში და არც რომელიმე სადისტრიბუციო ქსელს მიუერთდება, მაგრამ მომავალში შესაძლებელია მისი ქსელთან მიერთება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

სამუშაოები უნდა ჩატარდეს 4 ეტაპად. ჰესის დეტალური პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მთელი რიგი მოთხოვნები. მათ შორის:

[checklist]

  • სადერივაციო სამუშაოების, ელექტროსადგურის და დამხმარე შენობების დაპროექტება და მშენებლობა უნდა მოხდეს მოქმედი სტანდარტების შესაბამისად; აგებული შენობა-ნაგებობები და სხვა კონსტრუქციები არ უნდა დაზიანდეს არეალისათვის დამახასიათებელი წყალდიდობით.
  • ჰესის დაპროექტება და აშენება უნდა განხორციელდეს ისე, რომ ჰესის უწყვეტ მუშაობაზე გავლენა არ მოახდინოს, რეგიონისთვის დამახასიათებელმა მკაცრმა ზამთრის კლიმატმა, მდინარის წყლის ხარისხმა ან არეალისათვის დამახასიათებელმა სხვა ფიზიკურმა პირობებმა. ჰესის ყველა ნაწილის უსაფრთხო ექსპლუატაცია არ უნდა შეფერხდეს გარემო პირობების ზემოქმედების შედეგად.
  • შემსრულებელი ვალდებულია განახორციელოს ჰესის საგარანტიო მომსახურება ექსპლოატაციაში შესვლიდან 2 წლის ვადით.
  • შემსრულებელი ვალდებულია, ადგილობრივ მოსახლეობას ჩაუტაროს სპეციალური სწავლის კურსები – აღნიშნული ჰესის ოპერირებისათვის საჭირო პერსონალს. პირველი 3 თვე ჰესის ოპერირება განხორციელდება კონტრაქტორის წარმომადგენლის თანდასწრებით.

[/checklist]

დოკუმენტების მიხედვით, ჰესის სიცოცხლისუნარიანობა განისაზღვროს:

  1. 50 წელი, საშენებლო კონსტრუქციების და ნაგებობებისათვის;
  2. 25 წელი – ყველა ელექტრონული მოწყობილობისთვის.

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ადგილობრივი გამანაწილებელი ქსელის მოწყობაც, ვინაიდან ამჟამად ადგილობრივი ქსელი მითითებულ არეალში არ არსებობს.

ენერგეტიკის განვითარების ფონდი დუშეთის მუნიციპალიტეტის ბარისახოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ არდოტში, ბახაოში და ანდაკში აცხადებს ასევე ფასთა გამოკითხვას ადგილობრივი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტირებასა და აშენებაზე აღნიშნული სოფლების ელექტროფიკაციის მიზნით [რომელმაც უნდა მოიცვას სოფლის შიდა სადისტრიბუციო 0.4კვ ხაზიც].

სოფელ არდოტში, ბახაოში და ანდაკში სადისტრიბუციო ხაზზე მისაერთებელი აბონენტების საერთო რაოდენობაა 16. აქედან: არდოტი – 11 აბონენტი; ბახაო – 2 აბონენტი და ანდაკი – 3 აბონენტი.

მთავარი ფოტო: სატენდერო დოკუმენტებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი