ახალი ამბები

ჩრდ. მაკედონია ოფიციალურად გახდა ნატოს 30-ე წევრი

28 მარტი, 2020 • 2089
ჩრდ. მაკედონია ოფიციალურად გახდა ნატოს 30-ე წევრი

ჩრდილოეთ მაკედონია ოფიციალურად გახდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) 30-ე წევრი.

ალიანსში ჩრდ. მაკედონიის მიღებას — ქვეყნის ნატოში გაწევრების პროტოკოლს — 2019 წლის თებერვალში მოეწერა ხელი ნატო-ს შტაბბინაში. დოკუმენტს ხელი ნატოს წევრი 29 სახელმწიფოს სპეციალურმა წარმომადგენლებმა მოაწერეს.

ამის შემდეგ წევრმა სახელმწიფოებმა დაიწყეს პროტოკოლის რატიფიცირება. ბოლო ქვეყანა, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა დოკუმენტი რატიფიცირებული, ესპანეთი იყო, რომელმაც ეს ნაბიჯი 17 მარტს გადადგა.

ამის შემდეგ ჩრდ. მაკედონიის პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ ნატოში შესვლის შესახებ საბოლოო დოკუმენტს 20 მარტს მოაწერა ხელი.

27 მარტს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა: „კეთილი იყოს შენი მობრძანება ნატოში, ჩრდილოეთ მაკედონია! გრძელი გზა გამოიარეთ, მაგრამ თქვენმა ღვაწლმა შედეგი გამოიღო. ფორმალური შესვლის პროცესი ახლა დასრულებულია და მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი 30-ე წევრი ჩვენთანაა“.

ქვეყნის ნატოში გაწევრება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ის სახელწოდების შეცვლას დასთანხმდა: ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის, მაკედონიის საერთაშორისო სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონია გახდა.

მაკედონიის სახელწოდება საბერძნეთთან 27-წლიანი დაპირისპირების საფუძველი იყო. ათენი მიიჩნევდა, რომ იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოქმნილ ახალ სახელმწიფოს არ უნდა ჰქონოდა საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონის – მაკედონიის, სახელწოდება და ეს ბევრ გაურკვევლობას იწვევდა.

სახელთან დაკავშირებული დავის გამო, წლების განმავლობაში საბერძნეთი ბლოკავდა მაკედონიის გაწევრებას ევროკავშირსა და ნატო-ში. საბოლოოდ, ათენმა და სკოპიემ მაკედონიის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.


ამავე დროს, ჩრდილოეთ მაკედონია და ალბანეთი ევროკავშირთან იწყებენ მოლაპარაკებებს ბლოკში გაერთიანების მიზნით.

ალბანეთის და ჩრდ. მაკედონიის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები იწყება

მასალების გადაბეჭდვის წესი