ახალი ამბები

აშშ-ში COVID-19-ის ეკონომიკურ შედეგებთან საბრძოლველად 2 ტრილიონს დახარჯავენ

27 მარტი, 2020 • 1644
აშშ-ში COVID-19-ის ეკონომიკურ შედეგებთან საბრძოლველად 2 ტრილიონს დახარჯავენ

აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ, სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ახალი კორონავირუსის — COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შედეგების გასამკლავებლად 2 ტრილიონი დოლარი დაიხარჯება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

კანონპროექტი ცოტა ხნის წინ დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატამ, იქამდე კი სენატში მიიღეს, 96 ხმით 0-ის წინააღმდეგ. ახლა მის ძალაში შესასვლელად მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპის ხელმოწერაა საჭირო. იქამდე ტრამპმა სენატის მიერ კანონის მიღების შემდეგ ამერიკას „მიულოცა“.

რას ითვალისწინებს კანონპროექტი?

კანონპროექტს, რომელსაც [ეკონომიკის] სტიმულირების პაკეტს უწოდებენ, უზრუნველყოფს ამერიკელების დახმარებას ფულადი სახსრებით. მოქალაქეები ფულს ჩეკის სახით მიიღებენ.

დახმარება დამოკიდებულია წლიურ შემოსავალზე: ცალკეული პირი, ვისი შემოსავალიც წელიწადში 75,000 აშშ დოლარი ან ნაკლებია, 1200 დოლარს მიიღებს. დაქორწინებული პირების შემთხვევაში ზედა ზღვარი 1200 დოლარის მიღებისთვის 150 000-დოლარიანი წლიური შემოსავალია. ყოველ შვილზე წყვილი დამატებით 500 დოლარს მიიღებს.

წლიური შემოსავლის მატებასთან ერთად იკლებს დახმარების დონეც. მათთვის, ვისი წლიური შემოსავალიც წელიწადში 99 000 დოლარია (198 000 დაქორწინებული წყვილის შემთხვევაში) დახმარება გათვალისწინებული არაა.

გარდა ამისა, კანონპროექტით გათვალისწინებულია დახმარება საავადმყოფოებისთვის და შტატებისა და ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის.

კანონპროექტით დახმარებას მიიღებენ დაზარალებული სექტორები — ავიაკომპანიები და სხვა. მათ მიერ თანხის გამოყენებას ზედამხედველობას გაუწევს დამოუკიდებელი გენერალური ინსპექტორი და საკონგრესო საზედამხედველო კომისია.


აშშ-ში კორონავირუსით დაავადების ყველაზე მეტი — 94,238 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 1,438 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 813.

კორონავირუსით დაავადების, გარდაცვალებისა და გამოჯანმრთელების სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში ასე გამოიყურება:

  • დაავადების შემთხვევა: მსოფლიოში – 576,859, საქართველოში – 83;
  • გამოჯანმრთელების შემთხვევა: მსოფლიოში – 128,377, საქართველოში 14;
  • გარდაცვალების შემთხვევა: მსოფლიოში – 26,455, საქართველოში – 0.

გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი