ახალი ამბები

ჩინეთმა COVID-19-ის გამო უცხოელების შესვლა აკრძალა

27 მარტი, 2020 • 38237
ჩინეთმა COVID-19-ის გამო უცხოელების შესვლა აკრძალა

ჩინეთმა დროებით აკრძალა ქვეყანაში უცხოელების შესვლა. აკრძალვა ეხება მათ, ვისაც ვიზა ან ბინადრობის ნებართვა აქვს. მიზეზი COVID-19-ის იმპორტირებული შემთხვევების ზრდაა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

როგორც BBC იუწყება, ჩინურ და უცხოურ ავიაკომპანიებს კვირაში მაქსიმუმ ერთი ფრენის განხორციელება შეეძლებათ, ხოლო თვითმფრინავებში ადგილების მაქსიმუმ 75% უნდა იყოს დაკავებული.

ჩინეთში, სადაც კორონავირუსი COVID-19 თავდაპირველად გავრცელდა, ბოლო დროს შემთხვევებმა მკვეთრად იკლო — ხუთშაბათს დაფიქსირებული 55 შემთხვევიდან 54 უცხოეთიდან ჩასულს აღმოაჩნდა.

როგორც ჩინეთის საგარეო სამინისტროში ამბობენ, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი „მსოფლიოში COVID-19-ის სწრაფი გავრცელებაა“.

შეზღუდვები შეეხება ბინადრობის უფლებისა და ვიზის მქონე ადამიანებს, მაგრამ არა დიპლომატებსა და C ტიპის ვიზის მქონე ხალხს (ჩვეულებრივ, თვითმფრინავის ეკიპაჟი). გარდა ამისა, კონკრეტულ სფეროებში დასაქმებულებს ან „გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროების“ მქონე ადამიანებს შეეძლებათ, რომ გამონაკლისით ისარგებლონ.


კორონავირუსით დაავადების, გარდაცვალებისა და გამოჯანმრთელების სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში ასე გამოიყურება:

  • დაავადების შემთხვევა: მსოფლიოში – 542,417, საქართველოში – 81;
  • გამოჯანმრთელების შემთხვევა: მსოფლიოში – 124,164, საქართველოში 13;
  • გარდაცვალების შემთხვევა: მსოფლიოში – 24,354, საქართველოში – 0.

მასალების გადაბეჭდვის წესი