ახალი ამბები

ამერიკელი ექსპერტის პასუხები COVID-19-ის შესახებ

27 მარტი, 2020 • 1508
ამერიკელი ექსპერტის პასუხები COVID-19-ის შესახებ

მაიოს კლინიკა აქვეყნებს კითხვებს და პასუხებს ამავე  კლინიკის ვაქცინების კვლევის ჯგუფის დირექტორთან და სამედიცინო ჟურნალ Vaccine-ის მთავარ რედაქტორთან, ინფექციური დაავადებების ექსპერტ გრეგორი პოლანდთან. თავად მაიოს კლინიკა აშშ-ის კლინიკების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს (U.S. News & World Report-ის მიხედვით).

როდის დასრულდება სოციალური დისტანცირების წესები და სახლიდან გასვლის აკრძალვა?

ვცდილობ ავხსნა ხოლმე, რომ არსებობს შეფერხების პერიოდი. ანუ, რა შედეგებიც გვაქვს ახლა, გამოწვეულია დაავადების გადაცემით, რომელიც ორიდან ოთხი კვირის წინ მოხდა. რადგანაც ჯერ პანდემიის შუა ეტაპზე ვართ, რეალობა ასეთია, რომ უნდა დაველოდოთ, სანამ დაინფიცირების აღმავალი ხაზი [COVID-19-ით ინფიცირების დიაგრამაზე] ქვემოთ ჩამოსვლას დაიწყებს, შემდეგ კი ორიდან ოთხ კვირამდე დავიცადოთ, სანამ შეგვეძლება ვთქვათ, რომ „ყველაფერი, ალბათ, დასრულდა“.

იქნება თუ არა პრობლემა შეზღუდვების ნაადრევად გაუქმება?

ყველა მეცნიერი და ექიმი, რომელიც ამ თემაზე საუბრობს, ერთი და იგივეს ამბობს. ახლა არაა დრო შეზღუდვების გაუქმებაზე სალაპარაკოდ. ჯერ არ მიგვიღწევია პიკისთვის, რომელიც ამ პანდემიას შეუძლია აშშ-ში გამოიწვიოს. აღებული კურსით სვლა უნდა გავაგრძელოთ. ერთიანად უნდა ვიმუშაოთ, ვიყოთ ლოგიკურები. შემდეგ კი თვალი მივადევნოთ, დაველოდოთ და მივიღოთ ინფორმაცია საუკეთესო ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით“.

რამდენად მნიშვნელოვანია სახლში დარჩენა?

ესაა ინფიცირების ხაზის [COVID-19-ით ინფიცირების დიაგრამაზე] ქვევით ჩამოყვანის ნაწილი. იდეა მარტივია, მაგრამ შორსმჭვრეტელი. თქვენ, უბრალოდ, ვერ დაავადდებით ვირუსით, თუ არ ჩაისუნთქავთ ვირუსს, ან არ შეიტანთ სხეულში თქვენი თითებით. რისკი, რომ ამ ორიდან რამე მოხდება, ყველაზე დაბალია, თუ ადამიანებისგან შორს იქნებით, არ იქნებით საჯარო სივრცეში და იმუშავებთ სახლიდან, ხშირად დაიბანთ ხელებს და ზოგადად, გააკეთებთ ყველაფერს, რომ თავიდან იყოს აცილებული ადამიანიდან ადამიანზე გადადება.

მეტი შემთხვევა იმიტომ დასტურდება, რომ მეტი ტესტირება ტარდება ან ვირუსი უფრო მეტად ვრცელდება?

ჩემი აზრით, ორივე ხდება, მაგალითად, ქალაქ ნიუ-იორკში, სადაც შემთხვევების დიდი მატებაა. სამხრეთ კორეაში, სადაც პანდემია მაშინ დაიწყო, როცა ჩვენთან (აშშ-ში) ძალიან ადრე შემოიღეს შეზღუდვები და ყველამ ვნახეთ, რომ ინფიცირების ხაზი [COVID-19-ით ინფიცირების დიაგრამაზე] ქვევით ჩავიდა. ასე რომ, ორივე ფაქტორს აქვს მნიშვნელობა. ის, რაც გვაღელვებს პირამიდის პიკის დროს, არიან ადამიანები, რომლებსაც დასჭირდებათ სამედიცინო და სხვა სახის დახმარება. ნიუ-იორკის საავადმყოფოებს მარაგები და ხელოვნური სუნთქვის აპარატები ძალიან სჭირდებათ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია.

რა ვისწავლეთ ახალი ვირუსის ქცევაზე?

ბევრი რამ. SARS-ის გავრცელებასთან (2002) შედარებით, რომელიც ექვს-რვა თვეში დასრულდა და უსიმპტომოდ არ გადაეცემოდა ადამიანს ადამიანისგან, ამ ვირუსის შემთხვევაში გვაქვს უსიმპტომო გადაცემა. ამ ვირუსს აქვს „რეპროდუქციულ ნომრად“ წოდებული მაღალი მაჩვენებელი — ეს არის იმის საზომი, თუ საშუალოდ რამდენ ადამიანს გადავცემ ვირუსს, თუ დავინფიცირდი. ისიც გავიგეთ, რომ ბავშვები, ზრდასრულებისგან განსხვავებით, მძიმედ არ ავადდებიან და არ იღუპებიან, მაგრამ ეს სულაც არაა ასე ახალგაზრდების შემთხვევაში, რომლებსაც ვირუსის საფრთხის შესახებ არასწორი აღქმა აქვთ. გავიგეთ ისიც, თუ ვინაა რისკ-ჯგუფში — ხანდაზმული და ჯანმრთელობის სხვა პრობლემის მქონე ადამიანები.

რამდენი ხანი ცოცხლობს ვირუსი?

ამაზე რამდენიმე კვლევა ჩატარდა. ეს კვლევები გვაჩვენებს, რომ ვირუსი მყარ ზედაპირებებზე ან საჯარო ადგილებში 17 დღის განმავლობაში ძლებს. გემ Diamond Princess-ზე (სადაც კორონავირუსის აფეთქება დაფიქსრიდა) შესვლისას, როცა გემი უკვე 17 დღე ცარიელი იყო, ვირუსი მაინც აღმოაჩინეს. რეალურად, ბევრი რამაა დამოკიდებული ტემპერატურაზე, ტენიანობაზე, ულტრაიისფერი სხივების გავლენაზე. ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია ის, რომ ეს არაა რაღაც გამორჩეული ვირუსი, რომლის განადგურებაც რთულია. მისი განადგურება შესაძლებელია შესაბამისი სადეზინფექციო ნივთიერებებით.

რა ტიპის ზედაპირებზე შეუძლია ვირუსს სიცოცხლე?

ყველაფერზე, რასაც უკვე დაავადებული ადამიანი შეეხება, ვირუსს არსებობა შეუძლია. როგორც ჩანს, ყველაზე დიდხანს ის პლასტმასის და უჟანგავი ფოლადის ზედაპირზე ძლებს. ეს მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ ხელები კარგად უნდა დავიბანოთ და სანიტარული ზომები დავიცვათ. ასე რომ, ბენზინი ჩაასხით მანქანაში? ხელების დეზინფექცია ჩაიტარეთ. გახვედით მაღაზიაში? არ შეეხოთ თქვენს სახეს. ნუ შეხვალთ სახლში ან მანამდე არ ჩაჯდებით მანქანაში, სანამ ხელების დეზინფექციას არ ჩაიტარებთ.


კორონავირუსით დაავადების, გარდაცვალებისა და გამოჯანმრთელების სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში ასე გამოიყურება:

  • დაავადების შემთხვევა: მსოფლიოში – 542 417, საქართველოში – 81;
  • გამოჯანმრთელების შემთხვევა: მსოფლიოში – 124 164, საქართველოში 13;
  • გარდაცვალების შემთხვევა: მსოფლიოში – 24 354, საქართველოში – 0.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი