ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ საქმეზე სსიპ – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჟურნალისტ ეთერ თურაძის წინააღმდეგ [სადავო სტატიები: გაზეთ „ბათუმელები“ – „პირველი აფთიაქი, ფული და ბიზნესინტერესები“ და ონლაინ გაზეთ „netgazeti.ge” – „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევის სურვილი ხელისუფლებამ დაადასტურა“], ჟურნალისტს არ დაურღვევია სადავო პირველი და მე-11 პრინციპი.
სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი მიიჩნევდა, რომ ეთერ თურაძემ დაარღვია ქარტიის ორი პრინციპი:
1. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია;
11. ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება; ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ; პლაგიატი.
საჩივრის ავტორს ამ ორი პრინციპის დარღვევად მიაჩნია გაზეთ „ბათუმელებში“ დაბეჭდილ სტატია – „პირველი აფთიაქი, ფული და ბიზნესინტერესები“ (13-19 აპრილის ნომერი).