ახალი ამბები

პირბადეების დარიგებისას ხალხის სიმრავლის გამო სააკაშვილის ბიბლიოთეკა დააჯარიმეს

26 მარტი, 2020 • 1759
პირბადეების დარიგებისას ხალხის სიმრავლის გამო სააკაშვილის ბიბლიოთეკა დააჯარიმეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს განცხადებით, უწყებამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ორგანიზატორები 15 000 ლარით დააჯარიმა.

საუბარია ზუგდიდში, პირბადეების დარიგების ღონისძიებაზე, რომელზეც მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით მოქმედი აკრძალვისა, ხალხმრავლობა იყო:

“საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია. ორგანიზაციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ დღეს ზუგდიდში 100 პირზე მეტი ადამიანი შეკრიბა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები”, – აცხადებენ უწყებაში.

“სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ” დღეს, 26 მარტს, ზუგდიდში პირბადეები დაარიგა, რამაც ხალხის თავყრილობა გამოიწვია, მაშინ, როცა საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და კორონავირუსის პრევენციის მიზნით აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

იმის გამო, რომ შეიზღუდოს ხალხმრავალი თავყრილობები, დაიკეტა ბაზრობები, მაღაზიების დიდი ნაწილი, ასევე დაიკეტა ლისის ტბა, სადაც ხალხი სასეირნოდ დადიოდა, აიკრძალა ქორწილების და ქელეხების გამართვა, სადაც 10 ადამიანზე მეტი იკრიბება. სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, შეძლებისდაგვარად დაიცვან სოციალური დისტანცია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ ზუგდიდში პირბადეების დარიგებასა და მასობრივი თავყრილობის ორგანიზებას უარყოფითად აფასებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.

“არ არის ახლა პიარის დრო და იმის დრო, რომ ვიღაცამ ქულები დაიწეროს. ხომ შეიძლებოდა, ევლოთ კარდაკარ და პირბადეები ჩამოერიგებინა ერთ-ორ ადამიანს და არ გამოეწვიათ მოსახლეობის შეკრება? ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს?”, – ასე გამოეხმაურა პაატა იმნაძე მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მიერ ზუგდიდში პირბადეების დარიგების აქციას.

სააკაშვილი თავის მიერვე ორგანიზებულ თავყრილობაში პოლიციას ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი