ხაზარაძის ფინანსური მხარდაჭერით, გალში სამედიცინო ინვენტარი ჩაიტანეს

ფონდმა “მოძრაობა მომავლისთვის (მომო)”, რომელიც პარტია “ლელოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოსთვის სამედიცინო ინვენტარი კლინიკის მედპერსონალს გადასცა.

კერძოდ, ფონდის ინფორმაციით, გალის საავადმყოფოსთვის შეძენილი იყო : 2 ცალი პულსოქსიმეტრი [პულსის საზომი], 50 ყუთი ნიტრილის ხელთათმანი, 500 ცალი თეთრეულის ნაკრები, 400 ცალი ხალათი, 28 ყუთი ლატექსის ხელთათმანი.

,,გალში ცხოვრობს 40 000-დან 55 000-მდე საქართველოს მოქალაქე. ეს ხალხი ორჯერაა სახლიდან გამოყრილი და დღემდე მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. ჩვენამდე მუდმივად მოდიოდა ინფორმაცია, რომ გალის საავადმყოფოები კორონავირუსთან საბრძოლად არ არიან მზად. ადგილზე არ აქვთ  პირბადეები, ხელთათმანები, სადიზენფექციო საშუალებები და ა.შ.
მამუკა ხაზარაძის შემოწირულობით და კიდევ რამოდენიმე ადამიანის დახმარებით, ჩვენ დღეს ერთი მიკროავტობუსი, შესაბამისი ტვირთით, შევაგზავნეთ გალში. მადლობა მამუკას მხარდაჭერისთვის!” – განმარტავს ფონდის წარმომადგენელი გიორგი კანაშვილი

,,ეს არის პირველი ჰუმანიტარული ტვირთი გალის კლინიკაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება ამ რთულ ვითარებაში. იქ არის უმძიმესი მდგომარეობა და ძალიან მნიშვნელოვანია, არ დავივიწყოთ ჩვენი მოქალაქეები. მადლობა ყველა ბიზნესს და ადამიანს, ვინც ამ საქმეში თავის წვლილს შეიტანს. განსაკუთრებული მადლობა მამუკა ხაზარაძეს და მის ოჯახს, ვინც პირველი მნიშვნელოვანი შემოწირულობა გააკეთა მოძრაობის ფონდში და დაეხმარა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირთ” ,- ამბობს “მომოს” წარმომადგენელი თეონა დოლენჯაშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი