“მთავრობა არ არის ჩვენი მოკავშირე, მთავრობა ჩვენ არ მოგვწონს, მთავრობას ჩვენ ძალიან მკაცრად ვაკრიტიკებთ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც არის მკაფიოდ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და მემარჯვენე ეკონომიკისკენ მიმართული. ვინმეს მოსწონს ეს თუ არ მოსწონს, ეს არის ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა”.

 

გვარამიას განცხადებით, მოქმედი ხელისუფლება ვერც ერთ ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს და ამიტომაც იღებს მწვავე კრიტიკას “რუსთავი 2″–ისგან და მიიღებს ყოველთვის, ვიდრე ამ კრიტერიუმებში არ ჩაჯდება.

 

გვარამიას განცხადებით,  ამ კრიტერიუმებს მეტნაკლებად 3 პოლიტიკური ძალა აკმაყოფილებს: ნაციონალური მოძრაობა, ირაკლი ალასანია და საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი.

 

“ჩვენი დამოკიდებულება, პირდაპირ გეტყვით, გაცილებით უფრო ლოიალური და სიმპათიურია ამ 3 მიმართულებით. თუ იქნება რომელიმე ძალა, რომელიც, ჩვენს სარედაქციო პოლიტიკასთან გაცილებით უფრო ახლოს მოვა, ვიდრე ქართული ოცნება, ისიც გაშუქდება გაცილებით უფრო ლოიალურად, ვიდრე ხელისუფლება,”– განაცხადა გვარამიამ.

 

ნიკა გვარამიას თქმით, თუკი ხელისუფლება უფრო თანმიმევრულად იმუშავებს ევროინტეგრაციაზე, ასევე მემერჯვენე ეკონომიკის მიმართულებით, მათ მიმართ ტელეკომპანიის დამოკიდებულება შეიცვლება:

 

“თუ ხელისუფლება გადადგემს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია ამ ქვეყნისთვის საჭირბოროტოდ, რა თქმა უნდა, ჩვენი დამოკიდებულებაც მნიშვნელოვანწილად იქნება მათი მიმართულებითაც სიმპათიით გამსჭვალული, პირდაპირ გეუბნებით ამას, იმდენად, რამდენადაც დღეს ჩვენ გვგონია, რომ არათანმიმდევრულები არიან იმავე ევროინტეგრაციის გზაზე, იმავე მემარჯვენე ეკონომიკის მიმართულებით და ა.შ, – ამ კრიტერიუმებზე ვსაუბრობ.”

 

ტელეკომპანიის დირექტორის განცხადებით, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულობა “რუსთავი 2″–ის ბუნებრივი მდგომარეობაა. მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლების არასაკმარისი კრიტიკა იყო “რუსთავი 2″–ის პრობლემა წინა 9 წლის განმავლობაში. 

 

“ეს წამგებიანი აღმოჩნდა როგორც “რუსთავი 2″–ისთვის საკუთრივ, ასევე ხელისუფლებისთვის პირველ რიგში. მე თვითონ ვიყავი ხელისუფლებაში და ვიცი ძალიან კარგად, მედიის მიერ არშექმნილი დისკომფორტი რას ნიშნავს: არის პირდაპირი და უმოკლესი გზა გაუაზრებელი შეცდომების დაშვებისკენ, როცა ხარ ხელისუფლებაში. ამაში გარწმუნებთ, როგორც ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი,”– განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია ‘კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის’ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე 04.09.2015

 

ტელეკომპანიის დირექტორი სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო იმ ყადაღასაც, რომელიც სასამართლომ ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე დაადო “რუსთავი 2″–ის პარტნიორების წილებს, უძრავ ქონებებს, მათ აეკრძალათ ქონების გასხვისება და გაქირავება. 

 

ნიკა გვარამია ყადაღას “რუსთავი 2″–ის წინააღმდეგ გადადგმულ ბოლო ნაბიჯად აფასებს. მისი განცხადებით, ტელეკომპანიის დახურვის გზა სწორედ ამაზე გადის.

 

“ჩვენი შემოსავლებით ჩვენ მაინც ვცოცხლობთ და ვაკეთებთ იმას, რასაც ვთვლით საჭიროდ. მხარე ვართ – არ ვართ მხარე, მოსწონს ვინმეს – არ მოსწონს ვინმეს, ვიცავთ ეთიკას – არ ვიცავთ ეთიკას, – ეს არის სხვა დისკუსიის საგანი. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვაკეთებთ იმას, რისი უფლებაც ქართული კანონმდებლობით გვაქვს. ეს ვიღაცას რომ არ მოსწონს, ამიტომ ვართ დღეს დაყადაღებულები,”– აცხადებს ნიკა გვარამია.

 

გვარამიამ ისაუბრა იმ შედეგებზეც, რაც ყადაღამ მოუტანა ტელეკომპანიას. მისი განცხადებით, “რუსთავი 2″–ის შემოსავლები არ შემცირებულა, მაგრამ ტელევიზია ახალი სეზონისთვის ვერ შეძლებს ბანკიდან კრედიტის აღებას, გარდა ამისა, მომავალი საარჩევნო წლისთვის საჭიროა ტექნიკის შესყიდვა, რასაც ასევე ვეღარ მოახერხებენ. გვარამიას განცხადებით, თუკი ეს თანმიმდევრულად გაგრძელდა, შეიძლება ტელეკომპანია გაკოტრებამდეც მივიდეს.

 

 

სასამართლო დავა “რუსთავი 2″–ის წინააღმდეგ

 

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სარჩელი “რუსთავი 2″–ის წინააღმდეგ 2015 წლის 4 აგვისტოს შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით რუსთავი 2-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა. 

 

კერძოდ, სარჩელში აღნიშნულია, რომ ხალვაში “რუსთავი 2″–ისგან 500 000 აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაციას და ამჟამინდელი მეწილეების, პარტნიორების საკუთრების გაუქმებას ითხოვს. სანაცვლოდ კი- მესაკუთრეებად  ქიბარ ხალვაშის 60%-იანი და შპს “პანორამის” 40%–იანი წილიების ცნობას. შპს “პანორამის” მფლობელი თავად ქიბარ ხალვაშია.

 

სარჩელში საუბარია იმაზე, რომ უშუალოდ ქიბარ ხალვაშის მიერ და მისი დაფინანსებით შეიქმნა ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ახალი ლოგო, რომელმაც “რუსთავი 2″–ის შემოსავალი გაზარდა; ასევე უშუალოდ მისი დაფინანსებითა და მისი ავტორობით შეიქმნა “რუსთავი 2″–ის ახალი გადაცემები -“ბოიარის სასახლე”, “უკანასკნელი გმირი” და “ჯეობარი”, რომელმაც ასევე გაზარდა კომპანიის შემოსავალი. სარჩელში წერია, რომ ეს გარემოებები წარმოადგენს ქიბარ ხალვაშის, როგორც “რუსთავი 2″–ის ლოგოს, ასევე გადაცემების ავტორად აღიარების სამართლებრივ საფუძვლებს. 

 

სარჩელის თანახმად, როდესაც ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის წილები იძულებით დაათმობინეს, “რუსთავი 2” ამ გადაცემებსა და ლოგოს კვლავ იყენებდა, რითაც უკანონო შემოსავალს იღებდა.

 

“დასახელებული ქმედებების შედეგად ქიბარ ხალვაშს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, რომელიც წარმოადგენს 500 000 აშშ დოლარის ქევივალენტ ლარს,”– წერია სარჩელში.

 

ქიბარ ხალვაში სარჩელში მოითხოვს, რომ გაუქმდეს ამღამინდელი მესაკუთრეების, პარტნიორების მფლობელობა და “რუსთავი 2″–ის წილების მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშის 60%-იანი და შპს “პანორამის” 40%–იანი წილი იქნეს ცნობილი.

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნის თანახმად, მოპასუხეებს “რუსთავი 2″–ის ლოგოს გამოყენება უმდა აკრძალვოდათ, დაედოთ ყადაღა “რუსთავი 2″–ის ანგარიშებისთვის, პარტნიორების წილებისთვის, უძრავი და მოძრავი ქონებისთვის. 

 

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნა 5 აგვისტოს ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, გადაწყვეტილებით ყადაღა დაადო “რუსთავი 2″–ის პარტნიორების წილებს, უძრავ ქონებებს, მათ აეკრძალათ ქონების გასხვისება და გაქირავება. ხალვაშის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთ ნაწილში, სადაც საქმე ეხებოდა “რუსთავი 2″–ის ლოგოს გამოყენების აკრძალვას. მოთხოვნა საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე კი სასამართლომ თავად მოსარჩელეების თხოვნით განუხილველი დატოვა. 

 

“სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ღონისძიება წარმოადგენს მოსარჩელეთა უფლების დაცვის გარანტიას მოპასუხეების სავარაუდო ან შესაძლო არაკეთილსინდისიერი ქმედების შემთხვევაში, რაც შეიძლება გამოიხატოს მოპასუხეთა მიერ ზემოთ ჩამოთვლილ გადაწყვეტილებათა მიღებაში დავის სასამართლოში მიმდინარეობის დროსაც კი, რაც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს ან შეუძლებელს გახდის,”- წერია მოსამართლის განჩინებაში.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *