ახალი ამბები

GDI-მ ოქროუაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

26 მარტი, 2020 • 1250
GDI-მ ოქროუაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

“საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ” ირაკლი ოქროუაშვილის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა. ორგანიზაციის თქმით, დოკუმენტი შეეხება მუხლის ხანდაზმულობის ვადას, რომლითაც “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერს პროკურატურა ედავება.

კერძოდ, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ყურადღება გამახვილებულია ხანდაზმულობის ვადების პირის საუარესოდ რეტროაქტიულად გამოყენების დაუშვებლობაზე, რომელიც სსსკ-ს 105-ე მუხლის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის, ხოლო სსკ-ს 71-ე მუხლის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.

GDI მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი აქტუალურია განსახილველ საქმეში, რამეთუ ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდების მხარე ედავება 2004 წლის 24 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე და იგი ბრალდებულია სსკ-ს 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულისათვის ხანდაზმულობის ვადა დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის იყო 10 წელი (სსკ-ს 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნტი, 2004 წლის 24 ნოემბერს მოქმედი რედაქცია), ხოლო 2006 წლის 25 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, ამ დანაშაულისათვის ხანდაზმულობის ვადად განისაზღვრა 15 წელი (სსკ-ს 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტი).

GDI-ს თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი სწორედ ამ გაზრდილი ხანდაზმულობის ვადის პერიოდში, 2019 წლის 19 ნოემბერს წარედგინა, 15- წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე 5 დღით ადრე).

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დგას მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრის წინაშე- დაადგინოს ის, თუ რამდენად შესაბამისობაშია სისხლის სამართლის კოდექსთან (განსაკუთრებით მის მე-2 მდა მე-3 მუხლებთან) და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ არა 2004 წლის 24 ნოემბერს მოქმედი კანონის, არამედ 2006 წლის 25 ივლისის კანონის გამოყენება და ამდენად, გახანგრძლივებული ხანდაზმულობის ვადის პირობებში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა.

საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების გაანალიზების შედეგად,ორგანიზაციამ გამოკვეთა, რომ საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი მიდგომით უკუძალის აკრძალვის პრინციპის კონსტიტუციური დებულება ფართო შინაარსის მატარებელია და ტერმინი „პასუხისმგებლობა“, რომელთანაც დაკავშირებულია კანონის რეტროაქტიულად გავრცელების აკრძალვა, მოიაზრებს ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობას, მათ შორის კი, პირობით მსჯავრის დაწესებას/შეცვლას და ხანდაზმულობის ვადის გაზრდას:

“აღნიშნულისგან განსხვავებით, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება, როგორც სიტყვისმიერი, ისე სისტემური განმარტების პირობებში, არ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს, არის თუ არა ამ ნორმით დაცული სფერო იმავე მასშტაბის, რაც კონსტიტუციური დებულება. თუმცა, როგორც ეს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, მას აქვს ამგვარად განმარტების რესურსიც.

რაც იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობის გამოყენებით, საერთო სასამართლოს მოსამართლეებს აქვთ სრული შესაძლებლობა და ბერკეტი (მეტიც, ვალდებულება), სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი სწორედ კონსტიტუციის შესაბამისად განმარტონ და მასში მოიაზრონ რეტროაქტიულად გაზრდილი ხანდაზმულობის ვადის გამოყენების საკითხიც”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, GDI აცხადებს, რომ ხაზგასასმელია ნამდვილი და არანამდვილი უკუძალის აკრძალვის საკითხი, რომელიც არ წარმოადგენს საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტს, არამედ არის ე.წ. „შერეული“ სკოლის მიმდევართა კომპრომისული მიდგომის გამოძახილი, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა:

“საქართველოში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, სადაც ხშირია ხელისუფლების ცდუნება სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკური მოტივებზე განახორციელოს, მაღალია ხანდაზმულობის ვადების პოლიტიკური მოტივებით გამოყენების რისკებიც. აღნიშნული ეხმიანება იმ თეორეტიკოსთა შიშებს, რომლებიც ემხრობიან ხანდაზმულობის ვადების მატერიალური სამართლის ნაწილად განხილვას”, – ამბობენ ორგანიზაციაში.

GDI-ს თქმით, ხაზგასასმელია ის, თუ როგორ არის მოწესრიგებული ეს საკითხები სისხლის სამართლის კანონმდებლობით საქართველოში.

კერძოდ, ორგანიზაციის თქმით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება (შებამისად, მისგან გათავისუფლების საფუძვლები) მატერიალური სამართლის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, რომელზეც ვრცელდება/უნდა გავრცელდეს უკუძალის აკრძალვის პრინციპი მისი სრული მოცულობით:

“ხოლო ასეთ დროს სისხლის სამართლებრივ დევნას, როგორც პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობას, აზრი და ლოგიკა ეცლება. სხვა შემთხვევაში ჩვენ წინააღმდეგობაში მოვალთ სისხლის სამართლის კანონმდებლობის მთლიან ლოგიკასთან და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი პრინციპის სულისკვეთებასთან. ვიმედოვნებთ, წარმოდგენილ დოკუმენტში განვითარებული მსჯელობები გაზიარებული იქნება სასამართლოს მიერ და იგი მნიშვნელოვნად დაეხმარება მას საქმეზე ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში” ,- ამბობენ ორგანიზაციაში.


ირაკლი ოქრუაშვილს პროკურატურამ ბრალი წაუყენა ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე – ყოფილ თანამდებობის პირს გამოძიება თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

გარდა ამისა, ოქრუაშვილს ბრალი სხვა საქმეზეც აქვს წარდგენილი. კერძოდ, იგი 2019 წლის 27 ივლისს დააკავეს და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. მას გამოძიება 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი