ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა კაზინო “აჭარას” 19 მლნ–ზე მეტი ლარის გადახდა დააკისრა

4 სექტემბერი, 2015 •
საგამოძიებო სამსახურმა კაზინო “აჭარას” 19 მლნ–ზე მეტი ლარის გადახდა დააკისრა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კაზინო “აჭარაში” 20 აგვისტოდან მუშაობს


საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, კაზინოს ხელმძღვანელობის მიმართ სისხლისსამართკლებრივი დევნა სამორინეს სახელითა და მის სასარგებლოდ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და მოთამაშეთა კერძო საუბრის უნებართვო მიყურადება-ჩაწერის ბრალდებით დაიწყეს. 

 

საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ შპს „კაზინო აჭარის“ მმართველი დირექტორი ვედრან ბაიატი, მიუხედავად სამორინეების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვისა, არღვევდა ლიცენზირების პირობებს და სისტემატიურად ახდენდა მოთამაშეებზე ფსონების დასადებად სესხების უკანონოდ გაცემას, რითაც შპს „კაზინო აჭარამ“ 7 თვის განმავლობაში მიიღო 12 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი.

 

“ლიცენზირების პირობების დარღვევით საქმიანობის პარალელურად, მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვიკტორ ტროიცკის ორგანიზებით, კაზინოს სათამაშო მაგიდებზე დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურის მეშვეობით, სამორინეს სახელითა და მის სასარგებლოდ, უკანონოდ მიმდინარეობდა მოთამაშეთა კერძო საუბრების მიყურადება, ჩაწერა და სერვერებზე შენახვა, კანონმდებლობით დადგენილი ნორმების, მოთამაშეთა უფლებებისა და ნების სრული იგნორირებით,”– აღნიშნულია განცხადებში.

 

გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შპს „კაზინო აჭარა“ სისტემატურად თავს არიდებდა გადასახადების გადახდას; შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად კაზინოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად 19 269 277 ლარი დაეკისრა. 

უწყება აცხადებს, რომ გამოძიება აგრძელებს სამორინეს საქმიანობის შესწავლას მიღებული შემოსავლების კანონიერების, ფულის გათეთრებისა და გადასახადებისაგან თავის არიდების ფაქტების ირგვლივ.

 

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, იურიდიულ პირს, შპს „კაზინო აჭარას“ ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით – უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელბისათვის და სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით – კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევისთვის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ან ლიკვიდაციას.


რაც შეეხება ბრალდებულებს- ვიქტორ ტროიცკის და ვედრან ბაიატს, საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მათ  დატოვებული აქვთ საქართველოს ტერიტორია და თავს არიდებენ გამოძიებას.

 

ვედრან ბაიატისთვის უკანონო სამეწარმეო საქმიანობისათვის სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღვეთას 1-დან 3 წლამდე, ხოლო ვიქტორ ტროიცკის ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით კერძო საუბრის საიდუმლოების დარღვევისთვის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე და საქმიანობის უფლების ჩამორთმევას

მასალების გადაბეჭდვის წესი