ახალი ამბები

კვლევა: თბილისში მძღოლების 76% არ უთმობს გზას ქვეითს უშუქნიშნო ზებრა გადასასვლელზე

3 სექტემბერი, 2015 •
კვლევა: თბილისში მძღოლების 76% არ უთმობს გზას ქვეითს უშუქნიშნო ზებრა გადასასვლელზე

კვლევის პრეზენტაცია 3 სექტემბერს “ჰოლიდეი ინში” გაიმართა. კვლევის თანახმად, თბილისში, 5 ლოკაციაზე, 29 ივნისიდან 03 ივლისამდე 7 743 მძღოლის ქცევა აღწერეს და 05 – 11 ივლისს 200 მძღოლთან ჩაატარეს გამოკითხვა. რაც შეეხება ქვეითებს, კვლევაში აღნიშნულია, რომ 22 ივნისიდან 01 ივლისამდე აღიწერა 11 282 ქვეითი (1 823- მიწისზედა გადასასვლელთან, 5 634-ზებრა გადასასვლელთან, 3 825- მიწისქვეშა გადასასვლელთან); ასევე, ამავე პერიოდში ქვეითებთან ჩატარდა 306 ინტერვიუ.

 

კვლევაში აღნიშნულია, რომ თბილისში ქვეითების ნახევარზე მეტის მიერ (52-53%) ქუჩის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით კვეთა 3 ძირითადი მიზეზით არის განპირობებული: ცნობიერების დაბალი დონე, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები და ლიბერალური კანონი / კანონის აღსრულების დაბალი მაჩვენებელი

 

კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ქვეითები აცნობიერებენ საგზაო მოძრაობის დარღვევით ქუჩის გადაკვეთისას არსებულ საფრთხეს (88%), გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (53%) აცხადებს, რომ ხშირად წესების დარღვევით კვეთს ხოლმე ქუჩას. 

კვლევის პრეზენტაცია
კვლევის პრეზენტაცია 'ჰოლიდეი ინში' . ფოტო – თბილისის მერიის ფეისბუკის გვერდიდან

 

კვლევის თანახმად, მიწისქვეშა, მიწისზედა და ზებრა გადასასვლელებით სარგებლობის მნიშვნელოვანი ბარიერია ქვეითების აღქმაში გადასასვლელების მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, კერძოდ: აღიქმება, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები მოუწესრიგებელია – არ არის დაცული ჰიგიენის ნორმები (28%); ჩაბნელებულია (11%) და არ არის უსაფრთხო (10%). კვლევაში აღნიშნულია, რომ ქვეითები გამოთქვამენ მზაობას ისარგებლონ მიწისქვეშა გადასასვლელებით ყველაზე მეტად იმ შემთხვევაში, თუ გადასასვლელებში დაცული იქნება ჰიგიენის ნორმები (საშ. 8,33 ქულა 10-ქულიან სკალაზე), გადასასვლელები იქნება უსაფრთხო (8,28) და იქნება განათებული (8,17). გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ ქვეითების აღქმაში მიწისზედა გადასასვლელებს აქვს ძალიან მაღალი კიბე, შესაბამისად, ქვეითებს განსაკუთრებულად ეზარებათ (29%) ან ფიზიკურად არ შეუძლიათ (22%) მიწისზედა გადასასვლელით სარგებლობა.

 

კვლევაში წერია, რომ წესების დამრღვევი ქვეითების ნაწილმა (16%) საერთოდ არ იცის ქუჩის წესების დარღვევით გადაკვეთისთვის დაწესებული ადმინისტრაციული ჯარიმის არსებობის შესახებ; ხოლო ვისაც ჯარიმის არსებობის შესახებ სმენია, ასევე, დიდმა ნაწილმა (41%) არ იცის, რამდენს შეადგენს ჯარიმა, ან ჯარიმის ოდენობა არსებულზე ნაკლები ჰგონია (24%). კვლევაში წერია, რომ წესების დამრღვევი ქვეითების მხოლოდ ერთ მეათედს (10%) აქვს დაჯარიმების გამოცდილება.

 

 

რაც შეეხება მღღოლებზე დაკვირვების შედეგებს, კვლევაში აღნიშნულია, რომ მძღოლების დიდი უმრავლესობა (76%) არ უთმობს ქვეითს გზას უშუქნიშნო ზებრა გადასასვლელზე.

 

“თუმცა მძღოლებს არ სურთ იმის აღიარება, რომ ამგვარად იქცევიან. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ მძღოლების ქცევაზე დაკვირვების და მძღოლების აზრის კვლევის შედეგები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია,”– აღნიშნულია კვლევაში.

 

კვლევის თანახმად, მძღოლები აცხადებენ, რომ ქვეითისთვის გზის დათმობის შემთხვევაში შესაძლოა მათ უკან მომავალი ავტომობილი დაეჯახოთ, ან უბრალოდ უკან მომავალი მძღოლების რისხვა დაიმსახურონ; ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ მძღოლების ნაწილის განცხადებით, თავად ქვეითებისთვისაც უჩვეულოა ავტომობილის მიერ მისთვის გზის დათმობა.

 

“მძღოლები გამოთქვამენ ქვეითებისთვის გზის დათმობის მაღალ მზაობას იმ შემთხვევაში, თუ სოციუმის სხვა წევრებიც ასე მოიქცევიან (საშ. 8,03 ქულა 10-ქულიან სკალაზე), და წინ მიმავალი მძღოლის მიერ ქვეითისთვის გზის დათმობის შემთხვევაში არ გაღიზიანდებიან (8,0),”–ნათქვამია კვლევაში.

 

კვლევაში ნათქვამია, რომ უშუქნიშნო ზებრა გადასასვლელზე ქვეითებისთვის გზის დათმობის მაჩვენებელი დაბალია და მხოლოდ 24%-ს შეადგენს, ამასთანავე, ეს განსაკუთრებით დაბალია არამსუბუქი ავტომობილების მძღოლებში (მინიავტობუსი, ავტობუსი, სატვირთო და სხვ), მსგავსი კატეგორიის ავტომობილების მძღოლების მხოლოდ ერთმა მეათედმა (11%) დაუთმო გზა ქვეითს, როდესაც ამგვარი ქცევა სედანისა და ჯიპის მძღოლების ერთმა მეოთხედმა განახორციელა (25-27%)

 

“ცნობიერების დონესთან ერთად, მძღოლები არ უთმობენ ქვეითებს გზას სავარაუდოდ ლიბერალური კანონის და აღსრულების დაბალი მაჩვენებლის გამო. ამგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა ის ფაქტი, რომ მძღოლები მაღალი ქულებით აფასებენ ზებრა გადასასვლელზე ქვეითებისთვის გზის დათმობის ალბათობას იმ შემთხვევაში, თუ პატრული ყოველთვის დააჯარიმებს მძღოლებს, რომლებიც არღვევენ მოძრაობის წესებს (8,68), და თუ დაწესდება წესის დარღვევაზე დიდი ჯარიმა (8.64),”– ნათქვამია კვლევაში

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი