თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიაქოს დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
მათი განცხადებით, თუ ტაძარში მსახურებებზე დასწრების შეზღუდვა „გაუმართლებელი და დანაშაულია ღვთის წინაშე“, მაშინ მსოფლიოში არსებული მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი “დანაშაულს” სჩადის, რადგან პანდემიის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ტაძრებში წირვაზე დასწრებაზე გარკვეული შეზღუდვები დააწესეს. განცხადებაზე ხელმომწერი პირები იმედოვნებენ, რომ მომავალში მართმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს განცხადება “საღმრთისმეტყველო თვალსაზრისით გამართული” და თანმიმდევრული იქნება.
ნეტგაზეთი მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
- რწმენა, რომელზეც განცხადებაშია საუბარი, ან აბსოლუტურია, ან არ არის. თუ აბსოლუტურია, მაშინ არც ორმეტრიანი დისტანციის დაცვა არის საჭირო, არც რისკ-ჯგუფებში შემავალი პირებისათვის სახლში დარჩენის მოწოდება. ის „ნახევარ-რწმენა“, რომელიც ამ თან „კი“-ში და თან „არა“-შია, არარსებულია, რადგან არც აბსოლუტურია და არც ჯანსაღი. ვისაც აბსოლუტური რწმენა აქვს, „გველებს აიყვანენ, და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ; ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან“ (მკ. 16:18). აბსოლუტური რწმენა კი ჯანსაღია. ვისაც ჯანსაღი რწმენა აქვს, არ გამოსცდის უფალის ყოვლისშემძლეობას (მთ. 4:7), არ ეძიებს სასწაულს (მთ. 16:4), და საკუთარი რწმენის გამო, არ აგდებს მოყვასს განსაცდელსა და საცდურში (რომ. 14:13,22).
- ერთი ბარძიმიდან ზიარებას გულისხმობს ზიარების სამივე ტრადიციული ფორმა: კოვზითაც, ხელზე მიღებითაც და ჩალტობითაც. მაშასადამე, „ერთ ბარძიმზე უარის თქმის მოთხოვნა“ წმინდა წყლის ინტერპოლაციაა და ამჟღავნებს საკითხის მცდარად წარმოჩენის ტენდენციას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ერთი ბარძიმიდან ზიარება უპირველეს ყოვლისა მისტიკური მნიშვნელობისაა, რადგანაც ის ქრისტეს გამომსყიდველობითი მსხვერპლისა და საიდუმლო სერობაზე კურთხეული სასმისის სახეა. რა თქმა უნდა, „ერთი ბარძიმის“ ბუკვალური გაგებაც დაუშვებელია. მსოფლიოს ყველა ადგილას აღვლენილი წმინდა ევქარისტია იმ ერთი ბარძიმის თანაზიარია.
- თუ ტაძარში მსახურებებზე დასწრების შეზღუდვა „არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე“, როგორც ეს განცხადებაშია ნათქვამი, ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში განფენილი მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი ნაწილი გაუმართლებელ დანაშაულს სჩადის, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის სხეულისადმი წაყენებული მწვავე ბრალდებაა.
არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი
იღუმენი ლუკა ფალავანდიშვილი
დეკანოზი ლევან მათეშვილი
დეკანოზი ილია ჭიღლაძე
დეკანოზი ლევან ნაცვლიშვილი
დეკანოზი ალექსანდრე გიორგაძე
დეკანოზი გიორგი ჯულუხაძე
მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე
მღვდელ-მონაზონი ირინეოს შენგელია
მღვდელ-მონაზონი იერონიმე ქათამაძე
მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი
მღვდელი ალექსი აბულაშვილი
მღვდელი მირიან მესხაძე
მღვდელი გრიგოლ ჭეჟია
დიაკონი გიორგი ღიბრაძე
დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა
თამარა გრძელიძე
თამარ გოგუაძე
ლევან ბუკია
შოთა კინწურაშვილი
გიორგი გეგუჩაძე
გიორგი ხუბულური
მიქაელ ბაქრაძე
საბა კევლიშვილი
ეკა ჭყოიძე
დღეს, 25 მარტს, საპარტიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც დიდი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად სასულიერო პირებს ნებას რთავს, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში.საპატრიარქო ასევე მოუწოდებს ადამიანებს, რომლებიც თავს ცუდად გრძნობენ, სრულ განკურნებამდე შინ დარჩნენ, ტაძრებში კი ადამიანებს შორის მანძილი 2 მეტრი უნდა იყოს, ეზოში – 1.5. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ამისთვის მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა.
რეგულაციების გამო ქართული ეპარქიები აშშ-სა და UK-ში წირვას მრევლის გარეშე ჩაატარებენ