ახალი ამბები

აზარტული თამაშების პირველსავე შემთხვევაზე პირს შეიარაღებული ძალებიდან გაათავისუფლებენ

3 სექტემბერი, 2015 •
აზარტული თამაშების პირველსავე შემთხვევაზე პირს შეიარაღებული ძალებიდან გაათავისუფლებენ

თინა ხიდაშელის განცხადებით, მათი გუნდის სამინისტროში მისვლამდე და მისვლის შემდეგაც იყო ასეთი შემთხვევები. 2 დღის წინ ცნობილი გახდა, რომ  “ნორიოს” საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯარისკაცმა სოცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

“ხშირად სტატისტიკა ადასტურებს, რომ ეს გამოწვეული არის იმის გამო, რომ აქვთ ვალები ამ ადამიანებს, მათ შორის აზარტული თამაშებით არიან დაკავებული და შემდეგ ამის კვალობაზე სიცოცხლეს ამთავრებენ თვითმკვლელობით. ჩვენი ამოცანა არის, რომ მაქსიმალურად გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები იმისათვის, რომ ასეთი შემთხვევები ან საერთოდ აღარ იყოს ჯარში, ან მინიმალიზაცია მოვახდინოთ. სწორედ ამიტომ, თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პოლიტიკა, რომელიც აქამდე არსებობდა, რადიკალურად შეიცვლება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პრევენციულად არ დავუშვათ მსგავსი ფაქტები.

 

ნებისმიერი პირი, რომელიც შემჩნეული იქნება და დადასტურდება, რომელიც მუშაობს თავდაცვის სამინისტროში, იქნება ეს სამხედრო თუ სამოქალაქო, და არის აზარტული თამაშებით დაკავებული, არის მოსარგებლე კაზინოების ან სხვა ფორმების, რომელიც ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი, პირველსავე შემთხვევაში გათავისუფლდება შეიარაღებული ძალებიდან. თავდაცვის სამინისტრო იქნება უკომპრომისო და ჩვენი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ცალსახა,”– განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, ინიციატივის თანახმად, ცვლილება შევა “სამხედრო მოსამსახურეების სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში. კერძოდ, მე–5 მუხლს დაემატება მე–51 მუხლი, რომელიც შემდეგნაირად იქნება ფორმულირებული: “სამხედრო მოსამსახურეებს ეკრძალებათ აზარტულ თამაშობებში და აზარტულ ტურნირებში მონაწილეობა”. პრესსამსახურის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივას საქართველოს მთავრობის სხდომაზე უახლოეს დღეებშ წარადგენენ.

 

გარდა ამისა, ხიდაშელმა ბრიფინგზე გაანცხადა, რომ გატარდება 2 სხვა მსგავსი ტიპის ღონისძებაც. კერძოდ, მინისტრი აცხადებს, რომ სამინისტრო ასევე უკომპრომისო იქნება ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მიმართაც და პირველსავე შემთხვევაში ნებისმიერი იქნება გათავისუფლებული შეიარაღებული ძალებიდან და თავდაცვის სამინისტროდან; გარდა ამისა, ხიდაშელის განცხადებით, ანალოგიური ღონისძიებები გატარდება სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სიმთვრალის შემთხვევაშიც.


“ყველამ მინდა უცოდეს, რომ არავითარი კომპრომისი და დანდობა ჩვენი მხრიდან არ იქნება იმის გამო, რომ ადამაინს მანამდე კარგი წარსული აქვს, ან მანამდე ბრძოლაში მონაწილეობა მიღებული აქვს, ან სამშვიდობო მისიაში იმყოფებოდა. ჩვენ გვქონდა უკვე ასეთი შემთხვევები, მივიღეთ რადიკალური ზომები. ყველას წინა დამსახურებებს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებთ, ჯარში ასეთი შემთხვევები არსებობდეს, ადამიანები იღუპებოდნენ და ამის გამო შეიარღებული ძალების პრესტიჟს და შეიარაღებული ძალების მიმართ პატივისცემას საფრთხე ექმნებოდეს,”– განაცხადა მინისტრმა.


ხიდაშელმა ასევე განაცხადა, რომ სამინისტროს აქვს გაწერილი კონკრეტული გეგმა, რომლის საშუალებითაც ამ პირების იდენტიფიცირებას მოახდენს.

 

მისივე განცხადებით, მაანამდე ასეთი მექანიზმები არ არსებობდა და  შერჩევითად გამოიყენებოდა, დღეს კი ეს უკვე კანონის ნაწილი გახდება. 

 

თავდაცვის მინისტრის მინისტრის მოადგილის, ანა დოლიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის აზარტილ თამაშებში მობაწილეობის აკრძალვა ემსახურება შეიარაღებული ძალების ფსიქოლოგიურ გამოჯანსაღებასა და პრევენციას.

 

“ადამიანი, რომელიც ჩაფლულია აზარტულ თამაშებში, ეს არის ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ფორმა. ერთი მხრივ, ამას ჩვენ გვეუბნება ჩვენივე ფსიქოლოგიური დეპარტამენტი და ექსპერტები, მაგრამ ეს ასევე წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პრეობლემას და ვფიქრობ, ამ აკრძალვის შემოღება, რომელიც ხელს შეუშლის თავდაცვის სფეროში მომუშავე პირებს, რომ აზარტულ თამაშებში მიიღონ მონაწილეობა, ხელს შეუწყობს, რომ შევინარჩუნოთ ერთიანი და ფსიქოლოგიურად ჯანსაღი შეიარაღებული ძალები,”– განაცხადა ანა დოლიძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი