ახალი ამბები

ჰანტავირუსი ძველი დაავადებაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე იშვიათად ვრცელდება

25 მარტი, 2020 • 1999
ჰანტავირუსი ძველი დაავადებაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე იშვიათად ვრცელდება

მას შემდეგ, რაც ჩინეთში ჰანტავირუსით ერთი ადამიანი დაიღუპა, გაჩნდა კითხვები, ხომ არ ნიშნავს ეს კიდევ ერთ ეპიდემიას, თუმცა ექსპერტები მოსახლეობას ამშვიდებენ, ისინი აცხადებენ, რომ ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა უიშვიათესია და მსგავსი საშიშროება არ არსებობს.

კაცი, რომელსაც აღნიშნული ვირუსი სჭირდა, ჩინეთის აღმოსავლეთ რეგიონში სამსახურებრივი მიზნით მოგზაურობდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

გამოცემის ცნობით, ამავე რეისის 29 მგზავრს ჰანტავირუსზე ტესტირება ჩაუტარეს და პასუხებს ელიან. ისინი ასევე შეამოწმეს ახალ კორონავირუსზეც, რომელიც არცერთ მათგანს დაუდგინდა.

როგორც Newsweek აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით წერს, ამ ვირუსის გადამტანები მღრღნელები არიან და ეს ახალი ვირუსი არაა, მისი ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევები კი ძალიან მცირეა. ამასთან, ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, ამ ვირუსს მძიმე სიმპტომები აქვს, მისი ბუნება მეცნიერებისთვის ცნობილია და იციან, როგორ უპასუხონ, რაც ახალი კორონავირუსის შემთხვევაში მთავარ პრობლემას წარმოადგენს.

დაავადება ადამიანს მღრღნელებისგან გადაეცემა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველას შეიძლება დაემართოს, განსაკუთრებული რისკის ქვეშ ფერმერები და მეტყევეები არიან, რომლებსაც, შესაძლოა, დაავადებულ ცხოველებთან უფრო მეტი კონტაქტი ჰქონდეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი