რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მარნეულში კორონავირუსის გავრცელება ნოვრუზ ბაირამს არ უკავშირდება.
“არანაირი გავრცელება არ უკავშირდება ნოვრუზ ბაირამს, რომელიც ამ დღეებში იყო და რომელიც არის ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაული. მე მგონი, პირველად ამ დღესასწაულის ისტორიაში, ნოვრუზ ბაირამის განმავლობაში არანაირი საჯარო დღესასწაული არ გამართულა, ყველა მოქალაქე აღნიშნავდა საკუთარ სახლში, მოწყვეტილი მეზობლებისგან, და ამ მხრივ, მადლობის მეტი არაფერი ეთქმით ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, რომლებიც ზედმიწევნით იცავდნენ მითითებებს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე განმარტებით, ასევე, არასწორია ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გავრცელებული მოსაზრება, თითქოს მარნეულის და ბოლნისის მკაცრი კარანტინის ზონად გამოცხადება უკავშირდება ეთნიკური უმცირესობების ნაკლებ ინფორმირებულობას კორონავირუსის თაობაზე.
“ინფორმირებული იყო ყველა ადამიანი. კარანტინი გამოიწვია იმან, რომ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც წყარო ჯერ ბოლომდე იდენტიფიცირებული არ არის და არ ვიცოდით გავრცელების არეალი. დღეს დაახლოებით ცნობილია ის არეალი, სადაც უნდა ვეძებოთ სავარაუდო დაინფიცირებულები და როცა საბოლოო სურათი გვეცოდინება, შეიძლება მსჯელობა, რომ საგანგაშო იქ არაფერი არ არის”, – განაცხადა სუბარმა.
პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად განგაშის დონე ეთნიკურ აზერბაიჯანელებში შედარებით დაბალი იყო. მისივე თქმით, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა ნაკლებად უყურებს ქართულ ტელეარხებს, რადგან ისინი ძირითადად უპირატესობას ანიჭებენ მეზობელი ქვეყნების ტელეარხებს და, შესაბამისად, საქართველოში განგაშის დონე სრულად არ ჰქონდათ გაცნობიერებული.
“ინფორმაცია ჰქონდათ, მაგრამ გრძნობებზე იმდენად არ მოქმედებდა. დღეს, როცა აზერბაიჯანში მთლიანად გამოცხადებულია კარანტინი, აბსოლუტურად არის თითოეული ჩვენი მოქალაქე მობილიზებული, მიუხედავად იმისა, რომელ ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნებიან და რომელ ენაზე საუბობენ”, – განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის გამოკვლეულია მარნეულში ინფიცირებული ქალის 90 კონტაქტიდან ნახევარი და კორონავირუსი მხოლოდ 4 ადამიანს – ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრებს – აღმოაჩნდა.
25 მარტს, 14:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი ავსტრიის მოქალაქეა და საქართველო დატოვა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 055 პაციენტი, 252 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
პირველი შემთხვევა, როდესაც COVID-19-ით ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა და ქვეყანა გადავიდა ახალი კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე, მარნეულში დაფიქსირდა. ამის გამო 23 მარტს მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა.
ამ თემაზე:
მარნეულსა და ბოლნისში 20 000-ზე მეტი ადამიანს გაუზომეს სიცხე, საავადმყოფოში გადაიყვანეს 2