ახალი ამბები

საპატრიარქო: ლოცვისა და ზეთისცხებისთვის მრევლი კვირის სხვადასხვა დღეს განაწილდეს

25 მარტი, 2020 • 1213
საპატრიარქო: ლოცვისა და ზეთისცხებისთვის მრევლი კვირის სხვადასხვა დღეს განაწილდეს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო დიდი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად სასულიერო პირებს ნებას რთავს, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში.

საპატრიარქო ასევე მოუწოდებს ადამიანებს, რომლებიც თავს ცუდად გრძნობენ, სრულ განკურნებამდე შინ დარჩნენ, ტაძრებში კი ადამიანებს შორის მანძილი 2 მეტრი უნდა იყოს, ეზოში – 1.5. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ამისთვის მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა.

საპატრიარქოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტაძრებში (განსაკუთრებით მცირე ზომისაში) მსახურებები, შესაძლებლობისამებრ, უნდა შესრულდეს ღია ცის ქვეშ.

საპატრიარქოში ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია, ვირუსის გავრცელებაზე საუბრისას რატომ კეთდება დიდი აქცენტი საეკლესიო მსახურებაზე მყოფ მორწმუნეებზე, რადგან მათი თქმით, ტაძრებში მრევლის რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სააფთიაქო ქსელსა და სურსათის მაღაზიებში:

“ვირუსის გავრცელებაზე საუბრისას ჩვენთვის გაუგებარია, რატომ კეთდება დიდი აქცენტი სულიერი საზრდოს მისაღებად კვირაში ერთხელ საეკლესიო მსახურებაზე მყოფ მორწმუნეებზე მაშინ, როდესაც ტაძარში მრევლის რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, გადაუდებელი აუცილებლობის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსი, მეტროპოლიტენი), სააფთიაქო ქსელში ან სურსათის მაღაზიებში ყოველდღიურად მისულ მოქალაქეებთან შედარებით”, – აცხადებენ საპატრიარქოში.

საპატრიარქო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს და აცხადებს: “ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობის და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა, ხოლო ვინც ამაზე ამბობს უარს, უარს ამბობს მაცხოვარზე”.

საპატრარქოში ასევე აცხადებენ, რომ ვინც ვირუსით დაავადების საფრთხეს ეკლესიაში მისვლას უავშირებს სახლში დარჩეს და მოძღვარი თავად მიაკითხავს სურვილის შემთხვევაში:

“გვინდა, ყველას ვუთხრათ, რომ მსგავსად სნეულებაში მყოფი ადამიანებისა, ისინიც, ვინც ვირუსით დაავადების საფრთხეს ეკლესიაში მისვლას უკავშირებენ, დარჩნენ სახლში და თავისი მოძღვარი, სურვილის შემთხვევაში, ადგილზე მიაკითხავს. ტაძარში მსახურებაზე დასწრების აკრძალვა კი მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე.

2020 წლის 20 მარტის წმინდა სინოდის განჩინებისამებრ, კვლავაც ყველას (ეკლესიაში მოსულთ და სახლში დარჩენილთ) მოვუწოდებთ ლოცვისკენ, საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და ცოდვათა გაცნობიერებისაკენ, გულწრფელი სინანულის, აღსარებისა და ზიარებისკენ, რათა წმინდა სისხლი და ხორცი ქრისტესი გვექმნას საკურნებლად სულისა და ხორცისა”, – ამბობენ საპატრიარქოში.

24 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიაში (აშშ) ერთ-ერთ სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდგინდა, სახელმწიფოს დაწესებული რეგულაციების გამო კი მღვდელმსახურება მრევლის გარეშე ტარდება.

რეგულაციების გამო ქართული ეპარქიები აშშ-სა და UK-ში წირვას მრევლის გარეშე ჩაატარებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი