ახალი ამბები

ახალშობილი, კორონავირუსზე ეჭვით, კლინიკაში შეიყვანეს

25 მარტი, 2020 •
ახალშობილი, კორონავირუსზე ეჭვით, კლინიკაში შეიყვანეს

გუშინ მარნეულიდან თბილისში გადმოიყვანეს ახალშობილი, რომელსაც კორონავირუსზე კვლევა უტარდება.

ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

“გუშინ მარნეულიდან გადმოყვანილ იქნა 9 დღის ახალშობილი, როგორც საეჭვო შემთხვევა, სუნთქვის მწვავე უკმარისობით და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით. ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომაროება სტაბილურია. ნაცხი ლუგარის ლაბორატორიაში იგზავნება”, – განაცხადა რატიანმა.

მოგვიანებით საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლალი ტურძელაძემ განმარტა, რომ ახალშობილი 14 დღისაა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

“პაციენტი მძიმეა, მაგრამ არა უიმედო”, – აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.

25 მარტს, 12:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი ავსტრიის მოქალაქეა და საქართველო დატოვა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 055 პაციენტი, 252 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

პირველი შემთხვევა, როდესაც COVID-19-ით ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა და ქვეყანა გადავიდა ახალი კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე, მარნეულში დაფიქსირდა. ამის გამო 23 მარტს მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი