ახალი ამბები

აშშ-ში COVID-19-ით დაავადებულთა სამკურნალოდ გამოჯანმრთელებულების სისხლს გამოიყენებენ

25 მარტი, 2020 • 1445
აშშ-ში COVID-19-ით დაავადებულთა სამკურნალოდ გამოჯანმრთელებულების სისხლს გამოიყენებენ

აშშ-ის საკვებისა და პრეპარატების ადმინისტრაციამ (FDA) მიიღო საგანგებო პროტოკოლი, რომელიც საშუალებას აძლევს ექიმებს, კორონავირუსული დაავადებით — COVID-19-ით დაავადებულ კრიტიკულად მძიმე პაციენტებს უმკურნალონ იმ პაციენტების სისხლიდან ამოღებული პლაზმით, რომლებმაც ვირუსი უკვე დაამარცხეს. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News ავრცელებს.

იქამდე, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ნიუ-იორკის შტატში — გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ შტატში ყველაზე მძიმედ დაავადებული პაციენტების განკურნებისთვის გამოიყენებდნენ ვირუსისგან განკურნებული ადამიანების ანტისხეულებით მდიდარ პლაზმას.

მკურნალობის ეს მეთოდი ახალი არ არის, ის გამოიყენებონებოდა მათ შორის 1918 წელს მომხდარი „ესპანური გრიპის“ პანდემიის დროს. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს მეთოდი საუკეთესო იქნება, სანამ არ შემუშავდება COVID-19-ის ვაქცინა ან პრეპარატი, რასაც მინიმუმ რამდენიმე თვე უნდა დასჭირდეს.

„ამ მიდგომას ნამდვილად აქვს მიღწევები, და რაც გასაკვირია, ეს იდეა სულ არაა ახალი. ის ჩვენთან ასი ან მეტი წლის განმავლობაში იყო“, — აცხადებს ჯეფრი ჰენდერსონი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მედიცინისა და მოლეკულარული მიკრობიოლოგიის ასოცირებული პროფესორი.

„ჯერ, მართალია, არ ვიცით, რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი კონკრეტულად არ შემთხვევაში, თუმცა მისი წინა გამოყენების ისტორიიდან გამომდინარე სხვა ვირუსების შემთხვევაში, ვფიქრობ, დიდი შანსია, რომ [მეთოდი] იმუშავებს“, — აღნიშნავს იგი.

ამ მეთოდის გამოყენებისას ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლ ანტისხეულებს უკვე განკურნებული პაციენტის პლაზმიდან დაავადებულს გადასცემენ. მეთოდს გამოიყენებდნენ 2002 წლის SARS-ის ვირუსისის დროსაც და პირველადი მონაცემებით, მეთოდი შეიძლება ეფექტიანი იყოს COVID-19-ის შემთხვევაშიც.


აშშ-ში ამჟამად კორონავირუსით დაავადების 55,225 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 801 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 354 პაციენტი.

კორონავირუსით დაავადების, გარდაცვალებისა და გამოჯანმრთელების სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში ასე გამოიყურება:

  • დაავადების შემთხვევა: 423,670 მსოფლიოში, 73 საქართველოში
  • გამოჯანმრთელების შემთხვევა: 108,629 მსოფლიოში, 10 საქართველოში
  • გარდაცვალების შემთხვევა: 18,923 მსოფლიოში, 0 საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი