ახალი ამბები

StopCov.ge-ს ეთნიკური უმცირესობების ენები ემატება

25 მარტი, 2020 • 1550
StopCov.ge-ს ეთნიკური უმცირესობების ენები ემატება

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ საინფორმაციო პორტალს, stopcov.ge-ს ეთნიკური უმცირესობების ენები ემატება.

ამ ეტაპზე უკვე ფუნქციონირებს ვებ-გვერდის აზერბაიჯანული ვერსია, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, უახლოესი დღეების განმავლობაში კიდევ უფრო სრულყოფილი გახდება.

ამასთან, მთავრობაში აღნიშნავენ, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საიტის სომხურენოვან ვერსიაზე, რომელიც მოკლე ვადაში ამოქმედდება.

საქართველოს მთვრობის განცხადებით, ეთნიკური უმცირესობების ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების პროცესში აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

“მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან აქტიურად მუშაობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ყველა მითითება და რეკომენდაცია ითარგმნა. ჩაიწერა ვიდეომიმართვები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომელიც გაშუქდა როგორც ადგილობრივი მედიასაშუალების, ასევე, სოციალური ქსელების მეშვეობით”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

გარდა ამისა, მთვრობის განცხადებით, რეგიონის მოსახლეობას ეთნიკური უმცირესობების ენებზე დაბეჭდილი საინფორმაციო მასალა სახლებში მიეწოდება:

“საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, ისევე, როგორც კორონავირუსთან დაკავშირებული ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაცია, მუდმივად ითარგმნება და თავსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე www.1tv.ge. დღეიდან ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება stopcov.ge-ს აზერბაიჯანულ ვერსიაშიც” ,- წერია მთავრობსი მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი