აფხაზი ექიმები აცხადებენ, რომ COVID-19-ის გავრცელების შემთხვევაში უძლურები იქნებიან

აფხაზი ექიმები ფეისბუკით მიმართავენ მოსახლეობას, “დარჩნენ სახლში”.

“დარჩით სახლში, არავის იმედზე უნდა იყოთ – არც ჯანდაცვის სამინისტროს და არც ექიმების. მათ არ გააჩნიათ ვირუსთან ბრძოლის რესურსი”, – წერს საკუთარ გვერდზე ექიმი ენდოკრინოლოგი გაგრიდან ემა ასლანძია.

“ბედის ანაბარა ვართ მიგდებული. არ უნდა ველოდეთ, რომ სახელმწიფო გვიშველის, ვერ გვიშველის. საკუთარი თავი ჩვენვე უნდა დავიცვათ, გვიანი რომ არ იყოს მერე. გთხოვთ ყველას, არ გახვიდეთ საჭიროების გარეშე ქუჩაში, რესტორნებში, კაფეებში, ქორწილებში, დაკრძალვებზე, არ მიხვიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და არ შეიკრიბოთ ორ ადამიანზე მეტი, არ წახვიდეთ სამსახურში [ექიმებისა და ძალოვნების გარდა]. მათ კი, ვისაც სოფელში სახლი გაქვთ, დაუყოვნებლივ წადით”, – წერს ფეისბუკზე სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელი ზურაბ აჩბა.

გინეკოლოგი ესმა შანავა კოლეგებს მიმართავს:

“დიდი თხოვნა მაქვს აფხაზეთის მთავარ ეპიდემიოლოგთან: სამედიცინო პერსონალს იქნებ მოგვცეთ ინსტრუქცია ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებათა ოპერატიული გეგმის შესახებ საეჭვო პაციენტების გამოვლენის დროს. მოგვეცით მეთოდოლოგიური რეკომენდაციები, რომლის შესაბამისად, ჩვენ, ექიმები, რომლებიც 24/7-ზე რეჟიმში ვმუშაობთ, გაცნობიერებული ვიყოთ მოქმედების კონცეფციის შესახებ. მოგვეცით საშუალება, დავკავდეთ მკურნალობით და არა დარეკვით”.

არც აფხაზეთის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვამელი მალავს, რომ აფხაზეთი სრულიად მოუმზადებელია კორონავირუსის მქონე პაციენტების მართვისთვის და დიაგნოსტიკისთვის.

“ჩვენ გვაქვს ტესტ-სისტემები ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში, მაგრამ მათი რაოდენობა არ არის საკმარისი, ამიტომაც ჩვენ მათ გამოყენებას დავიწყებთ მკაცრი ჩვენებების შემთხვევებში. თუ პაციენტს ინფექციის ყველა ნიშანი არ ექნება, ჩვენ ვერ ჩავატარებთ ტესტს”, – განაცხადა თამაზ წახნაკიამ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელთან, ვალერი ბგანბასთან შეხვედრის დროს.

“ამ დრომდე აფხაზეთში COVID-19-ის არცერთი შემთხვევა არ არის გამოვლენილი. 7 თებერვლიდან დღემდე 4 ანალიზი ჩატარდა, რომელიც სტავროპოლში გაიგზავნა და ოფიციალური ინფორმაციითვე, ეჭვები კორონავირუსზე არ დადასტურდა.

“არჩევნებამდე დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩვენთან კორონავირუსი არ არის. მაგრამ იმის ფონზე, რაც ახლა ხდება, უკვე რთულია ამის თქმა. 22 მარტს რესპუბლიკის მოქალაქეებმა დაარღვიეს ექიმების ყველა რეკომენდაცია. ადამიანების მასობრივი თავშეყრები, გადაკოცნები, უსასრულო ხელის ჩამორთმევა – ზუსტად ეს ყველაფერი ხდებოდა არჩევნების დღეს”, – აცხადებს ბგანბა, რომელმაც მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ აღინიშნება ტურისტების ნაკადიც და სწორედ ამიტომ არის საჭირო საკარანტინო ზომები.

“ჩვენი ქვეყანა არ არის მზად ვირუსთან საბრძოლველად და თუკი ამას ახლავე არ შევაჩერებთ, უნდა ველოდოთ, რომ მოვლენები ძალიან ცუდად განვითარდება”, – აცხადებს ბგანბა.

აფხაზეთში დღეს 22 ხელოვნური სუნთქვის აპარატია. უფრო მეტის შესყიდვა შეუძლებელია.

“ყველა ქვეყანამ ემბარგო დაადო სამედიცინო აპარატურისა და მედიკამენტების გატანას ქვეყნიდან”, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

მის სიტყვებს ადასტურებს აფხაზეთში ერთ-ერთი მობილური კავშირის გენერალური დირექტორის მოადგილე ანდრეი ხაჩატუროვი.

“ჩვენ, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესი, ამ სიტუაციაში გვინდოდა და გადავწყვიტეთ, რამდენიმე ასეთი სასუნთქი აპარატი შეგვეკვეთა, მაგრამ გაირკვა, რომ მომწოდებლებთან დიდი რიგია და მხოლოდ 9 თვის შემდეგ შევძლებთ მათ მიღებას”.

აფხაზეთში უკვე დაამტკიცეს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ახალი რეგულაციები. 7 აპრილამდე [შესაძლოა, გადავადდეს] კარანტინი გამოცხადდა ყველა საგანმანათლებლო და სხვადასხვა დაწესებულებაში. 27 მარტიდან დაიკეტება ცენტრალური და ტანსაცმლის ბაზრობები, ფიტნეს და სპა-ცენტრები, შეჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

დღეიდან, 25 მარტიდან, საქმიანობას შეწყვეტენ მდინარე ფსოუსთან საზღვარზე არსებული მაღაზიები. გამშვებ პუნქტზე აღარ გაატარებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუმცა საზღვარი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. რუსეთის პასპორტის მქონე მოქალაქეებს [ასეთი აფხაზეთის მოსახლეობის თითქმის, 90%-ია] გამშვები პუნქტის გადაკვეთა ჩვეულებრივად შეეძლებათ.

ამასობაში, ფეისბუკის მომხმარებლების აფხაზურ სეგმენტში აქტიურობენ მოქალაქეები, რომლებიც რუსეთთან საზღვრის სრულად ჩაკეტვას მოითხოვენ. ლანა ცაავა და დამე ჯონუა აღნიშნული პეტიციის ავტორები არიან. ამ ეტაპზე პეტიციას დაახლოებით 700 ადამიანი აწერს ხელს.

შემზღუდავი ზომების მიღების დადგენილებაში წერია, რომ 25 მარტიდან აიკრძალება ტურისტული მიზნებით აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაც. მაგრამ აფხაზეთში ამ დროისთვის უკვე იმყოფება ასეულობით რუსი, რომელიც საკუთარ ქალაქში არსებულ კარანტინს გამოექცა.

“ტურისტები სირცხვილის გარეშე ჰყვებიან, რომ ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ თურქეთიდან და არ სურთ საკუთარ სახლებში კარანტინში ჯდომა, რადგან იქ ყველაფერი დაკეტილია, აქ კი შეიძლება სეირნობა, ზღვის ხედითა და გაზაფხულის დადგომით ტკბობა”, – ამბობს სოხუმში სასტუმრო “რიწის” მფლობელი მარინა ბუტბა.

“იმის მიუხედავად, რომ ჩემი შემოსავალი ტურისტებზეა დამოკიდებული, მომხრე ვარ, საერთოდ დახურონ საზღვარი. სჯობს ახლა ავირიდოთ ეპიდემია, ვიდრე სეზონზე დავიხუროთ”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიანა კოტოვა არის ჟურნალისტი სოხუმში. მუშაობს "ABAZA TV" თვის და რადიო "თავისუფლებისთვის". ნეტგაზეთისთვის მარიანა კოტოვა ამზადებს მასალებს 2016 წლის თებერვლიდან პროექტის "სამხრეთ კავკასიის ამბები" ფარგლებში.