ახალი ამბები

18 ათასი გარდაცვლილი და 100 ათასზე მეტი გამოჯანმრთელებული – Covid-19-ის სტატისტიკა

24 მარტი, 2020 • 1342
18 ათასი გარდაცვლილი და 100 ათასზე მეტი გამოჯანმრთელებული – Covid-19-ის სტატისტიკა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ კორონავირუსზე შექმნილი განახლებადი სტატისტიკის ვებსაიტის მიხედვით, მსოფლიოში, 24 მარტის 22 საათის მონაცემებით, ინფიცირებულია 407 485 ადამიანი. აქედან გამოჯანმრთელებულია 104 234, ხოლო გარდაცვლილია 18 227 პირი.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, გამოჯანმრთელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაშია (60 324), ხოლო ყველაზე მეტი გარდაცვლილი იტალიაშია – 6 820 ადამიანი. საერთო ჯამში, ინფიცირებულების მაჩვენებლით, პირველ ადგილზეა ჩინეთი (81 591), რომელსაც მოსდევს იტალია 69 176 ინფიცირებულით.

ჩინეთი

ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელება სწორედ ჩინეთში, ჰუბეის პროვინციიდან დაიწყო, სადაც დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 81 ათასს აჭარბებს. აღნიშნული ადამიანებიდან 73 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, დაიღუპა 3 281, ხოლო ამ მომენტისთვის მკურნალობას გადის 4 ათასაზე მეტი პაციენტი.

იტალია

იტალიაში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი 70 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 6 800-მდე დაიღუპა, გამოჯანმრთელდა 8 ათასზე მეტი, დანარჩენი კი მკურნალობს.

ამერიკის შეერთებული შტატები

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, აშშ-ში 50 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდა, საიდანაც გარდაიცვალა 600 ადამიანი. ბოლო მონაცემებით კი ამერიკის შეერთებულ შტატებს გამოჯანმრთელებული პაციენტი ჯერ არ ჰყავს.

რაც შეეხება კონკრეტულ ტერიტორიებს, გარდაცვალების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ნიუ იორკში ფიქსირდება და მისი რიცხვი 125-ს შეადგენს. 85 ადამიანია გარდაცვლილი ვაშინგტონში, ხოლო 20 – ლუიზიანაში.

ესპანეთი

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 39 676-ს შეადგენს, აქედან გარდაცლილია 2 800 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 3 794.

გერმანია

გერმანიაში, საერთო ჯამში, დაინფიცირებულია 33 ათასამდე ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელებულია 749 პირი, ხოლო გარდაცვლილია 149.

ირანი

რეგისტრირებულ ინფიცირებულთა რაოდენობა 25 ათასს აღწევს ირანში, სადაც გარდაცვლილია 2 ათასამდე პირი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 9 ათასამდე პაციენტი.

საქართველო

საქართველოში დაინფიცირებულია 70 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელებულია 9. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 4 055 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 პირია მოთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი