ახალი ამბებირეკლამა

საქართველოში მედიკამენტებზე დეფიციტი არ შეიქმნება – გაიგეთ რატომ

24 მარტი, 2020 • 2280
საქართველოში მედიკამენტებზე დეფიციტი არ შეიქმნება – გაიგეთ რატომ

კორონავირუსის გამო, მოსახლეობის ნაწილმა მედიკამენტების დიდი რაოდენობით მომარაგება დაიწყო. ისინი შიშობენ, რომ ვირუსის გავრცელებასთან ერთად, შესაძლოა, წამლები დეფიციტური გახდეს, თუმცა ეს რომ მოსალოდნელი არ არის, ამას ჯანდაცვის სამინისტრო და მწარმოებელი კომპანიებიც ადასტურებენ.

2020 წლის 16 მარტს საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვით, კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და დაავადებების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, აპრილის ბოლომდე საქართველოდან  ნებისმიერი ფარმაცევტული პროდუქტისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების ექსპორტი აიკრძალა (ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ვადა შეიძლება გაიზარდოს).

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ყველა მედიკამენტის საკმარისი მარაგი აქვს:

„მთავრობამ მედიკამენტების გატანა აკრძალა. ქვეყანაში ყველა მედიკამენტის საკმარისი მარაგი გვაქვს. ჩვენ მუდმივად ვამოწმებთ და ვაკონტროლებთ მარაგებს. კოორდინაცია გვაქვს მედიკამენტების ადგილობრივ მწარმოებლებთან, ასევე კერძო იმპორტიორებთან და გარწმუნებთ, რომ ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ შეიქმნება“. 

კორონავირუსის ინფექციის მასიურად გავრცელების რისკის გამო მედიკამენტების წარმოების საგანგებო რეჟიმზეა გადასული სამედიცინო კომპანია GM Pharma. 

ქვეყნისათვის მედიკამენტების  სტრატეგიული მარაგების შესაქმნელად  ფოკუსირება მოხდა განსაკუთრებით სიცხის დამწევ, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებსა და ანტიბიოტიკებზე. კომპანიას გააჩნია მზა პროდუქტების, საჭირო ნედლეულისა და მასალების საკმარისი მარაგი, რათა საქართველოში მედიკამენტებით უწყვეტ რეჟიმში მომარაგდეს სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები და მოსახლეობა.

„გვინდა განვაცხადოთ, რომ  ჩვენს არცერთ უცხოელ მომწოდებელს (ნედლეულის, სხვა სახარჯი მასალების, მზა პროდუქტების) უარი არ უთქვამს ჩვენთვის საქონლის მოწოდებაზე და, შესაბამისად, არც სამომავლოდ ველოდებით წარმოების შეფერხებას,“ – აცხადებენ  GM Pharma-ში.

კომპანიაში დანერგილია მართვის თანამედროვე სისტემები – ERP (Enterprise resource planning), MES (Manufacturing Execution System) და WMS (warehouse management system) – რაც გამორიცხავს კომპანიის მედიკამენტებზე დეფიციტის განვითარების შესაძლებლობას, მით უმეტეს, წარმოების საგანგებო რეჟიმის დროს.

„გვინდა მოგმართოთ, ნუ აყვებით პანიკას და ნუ მოიმარაგებთ GM Pharma-ს (ჯი-ემ-პის) წარმოებულ პრეპარატებს, განსაკუთრებით კი ანტიბიოტიკებს, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, რადგან ჩვენ შევძლებთ მათ უწყვეტად მოწოდებას და ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში საქართველოს მათი დეფიციტი არ ემუქრება,“ – აღნიშნულია კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში.

GM Pharma 150 ბრენდითა და 250 გამოშვების ფორმით ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს კავკასიაში, რომელიც მოიცავს სამკურნალო საშუალებების თითქმის ყველა ჯგუფს. 

GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ  ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი