ნეტგაზეთი | ჭიათურელი მაღაროელებისთვის ხელფასის შემცირება უკანონოა – EMC და საია ჭიათურელი მაღაროელებისთვის ხელფასის შემცირება უკანონოა – EMC და საია – Netgazeti

ჭიათურელი მაღაროელებისთვის ხელფასის შემცირება უკანონოა – EMC და საია

შრომის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები — EMC და საია — აკრიტიკებენ ჭიათურაში მომუშავე „ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებას საწარმოო პროცესის ნაწილობრივ შეჩერებასა და დასაქმებულების ხელფასების შემცირებაზე.

„ეს გადაწყვეტილება უხეშად არღვევს საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ ნორმებს და წარმოადგენს შუქრუთის [ჭიათურის სოფელი] მოსახლეობისა და კომპანიაში დასაქმებული ადამიანების დაპირისპირების აშკარა მცდელობას“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

„ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილება

20 მარტს „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის საწარმოო პროცესების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ გაავრცელა განცხადება.

კომპანია აცხადებს, რომ 17 თებერვლიდან შუქრუთის მოსახლეობის მიერ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის საწარმოო პროცესების დაბლოკვამ მოლაპარაკების პროცესის ჩიხში შეიყვანა და „ჯორჯიან მანგანეზი“ რთული მდგომარეობის წინაშე დააყენა და იძულებული გახადა, შემდეგი ზომები მიიღოს:

„1-დან 20 მარტამდე პერიოდში, საწარმოსა და დასაქმებულთაგან დამოუკიდებელი მიზეზებით გამოწვეული იძულებითი მოცდენის პერიოდს კომპანია 60%-ით, ან დასაქმებულის სურვილის შემთხვევაში, ანაზღაურებადი შვებულების ხარჯზე 100%-ით აანაზღაურებს, ხოლო 20 მარტიდან აპრილის თვის ბოლომდე შესაძლო იძულებითი მოცდენა კომპანიის მიერ 60%-ით ანაზღაურდება“.

რას ამბობენ EMC და საია?

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პირველ რიგში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მცხოვრები მოსახლეობის პროტესტის არსის გაგებაა საჭირო:

„შუქრუთის მოსახლეობა ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერსა და ნოემბერში ითხოვდა შპს „ჯორჯიან მანგანეზისგან“ იმ ზიანის კომპენსირებას, რომელიც, მოსახლეობის თქმით, მათ სახლებსა და საცხოვრებელ გარემოს კომპანიის საქმიანობის გამო მიადგა. შუქრუთელები აცხადებენ, რომ ზიანის კომპენსირების შესახებ კომპანიასთან მიღწეული სიტყვიერი შეთანხმებები არაერთხელ დაირღვა, რამაც თებერვლის თვიდან ადგილობრივების მხრიდან წინააღმდეგობის კვლავ განახლება, შუქრუთის მაღაროების ბლოკირება და მათი მუშაობის შეფერხება გამოიწვია“.

სახელმწიფოს მიმართ გაჟღერდა არაერთი მოწოდება, უზურუნველეყო სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება, შეესწავლა მიწისქვეშა სამუშაოების ფუნქციონირებით სოფლებისათვის მიყენებული ზიანი, დაედგინა აღნიშნულ ზიანზე სამართლებრივად პასუხიმგებელი მხარე და მიეღო შესაბამისი ზომები. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან ადგილობრივების სამართლიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დღემდე არაფერი გაკეთებულა.

სახელმწიფოს მიერ საკუთარი ვალდებულებების უგულებელყოფამ, მათ შორის, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სახელზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიიის პირობების დაცვის სათანადო კონტროლის განუხორციელებლობამ, დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე სოციალური პასუხიმგებლობის აღებაზე უარის თქმამ და მუდმივმა უმოქმედობამ ჭიათურის მუნიციპალიტეტი და მოსახლეობა მძიმე ეკოლოგიური და სოციალური კატასტროფის წინაშე დააყენა.

თავის მხრივ, მოსახლეობის სამართლიანი პროტესტისა და მაღაროების საქმიანობის შეჩერების ფონზე, კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ხდება კომპანიაში დასაქმებული ადამიანების ხელფასების დაკლება, წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას. ასევე, ამ გადაწყვეტილებით, კომპანია აჩენს შუქრუთის მოსახლეობასა და დასაქმებულებს შორის კონფლიქტს და ცდილობს მოლაპარაკებების პროცესში დამატებითი ბერკეტების მოპოვებას“.

ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ შრომითი უფლებები დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს შრომის კოდექსითა და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით. არსებული სამართლებრივი სივრცე, დამსაქმებელს ავალდებულებს, ყველა ღონე იხმაროს შრომითი ურთიერთობის შემაფერხებელი გარემოებების აღმოსაფხვრელად.

„როდესაც შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და გადაჭრის ნაცვლად არჩევს საქმიანობის შეჩერებას, ეს ნაბიჯი უნდა ჩაითვალოს დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული საქმიანობის იძულებით მოცდენად. ამ პერიოდში, შრომის კოდექსის თანახმად, დასაქმებულს უნდა შეუნარჩუნდეს სამუშაო ადგილი და შრომის ანაზღაურება უნდა მიეცეს სრული ოდენობით“.

EMC-ის და საიას განმარტებით, შრომის ანაზღაურება და გადახდის წესი შრომის ხელშეკრულების არსებით პირობას წარმოადგენს, ხოლო შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. ხელფასის ოდენობის ან გადახდის პირობების შეცვლა დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის თანხმობის გარეშე ბათილ გადაწყვეტილებას წარმოადგენს.

„შექმნილი მდგომარეობისა და კომპანიის მიერ სათანადო რეაგირებების განუხორციელებლობის ფონზე, შპს “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დასაქმებულთა თანხმობის გარეშე შეამციროს მათი ხელფასები, უკანონო და სამართლებრივად ბათილ გადაწყვეტილებად უნდა ჩაითვალოს“, – წერენ ისინი.

„გაუგებარია კომპანიის პირობა, რომლის თანახმადაც, 2020 წლის პირველი მარტიდან 20 მარტამდე საქმიანობის იძულებით მოცდენისას,დამსაქმებლებს 100%-იანი სახელფასო ანაზღაურება მიეცემათ მხოლოდ ანაზღაურებადი შვებულების გამოყენების შემთხვევაში. საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დასაქმებული უფლებამოსილია ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში 24 სამუშაო დღით. ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის უფლებას და ვერ ჩაანაცვლებს დამსაქმებლის ვალდებულებას, დასაქმებულებს კუთვნილი ხელფასები სრულად გადაუხადოს“.

ამის გათვალისწინებით, ისინი „ჯორჯიან მანგანეზს“ მოუწოდებენ, „არ დაარღვიოს საქართველოს შრომის კოდექსი და დასაქმებულებს იძულებითი მოცდენის პერიოდში, სრულად აუნაზღაუროს კუთვნილი ხელფასები;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოუწოდებენ:  „დაინტერესდეს შუქრუთის და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების მოსახლეობის წუხილებით და სპეციალური კომისიის შექმნის გზით, შეისწავლოს ადამიანების ბუნებრივ და სოციალურ (მათ შორის ჯანმრთელობაზე) გარემოზე ზემოქმედების მასშტაბი და ფორმები, ასევე, შეიმუშაოს ზიანის დაანგარიშების მეთოდოლოგია და უზრუნველყოს კომისიის დასკვნითი დოკუმენტების საჯაროება“

სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს:

– შეისწავლოს შუქრუთში და სხვა სოფლებში მაღაროების ოპერირების გეოლოგიური ზეგავლენა და დაადგინოს, არის თუ არა კავშირი აღნიშნულსა და მოსახლეობის საკუთრებისა და ინფრასტრუქტურისათვის მიყენებულ ზიანს შორის.

– შეამოწმოს, თუ რამდენად სრულდება შუქრუთსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში წიაღით სარგებლობისთვის დადგენილი წესები და ნორმები და შპს “ჯორჯიან მანგანეზზე” გაცემული ლიცენზიის პირობები;

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com