ახალი ამბები

საია “იმედზე” პოლიტიკური ტოქ–შოუების დახურვას უკიდურესად უარყოფითად აფასებს

1 სექტემბერი, 2015 • 1078
საია “იმედზე” პოლიტიკური ტოქ–შოუების დახურვას უკიდურესად უარყოფითად აფასებს

“საია უკიდურესად უარყოფითად აფასებს საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე და შუალედური არჩევნების პერიოდში (2015 წლის შემოდგომა), ერთ-ერთი წამყვანი არხის, სულ ცოტა – რამდენიმე თვის განმავლობაში, პოლიტიკური თოქ-შოუების გარეშე დატოვების ფაქტს,”– ნათქვამია საიას განცხადებაში. 

 
საიას განცხადებით, კრიტიკას იმსახურებს გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჯაროების ფორმაც, რამდენადაც ტელეკომპანიის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, როგორც ჟურნალისტების, ასევე ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ინფორმაცია გადაცემების დახურვის შესახებ უკვე გავრცელებული იყო მედიაში. 
 
 
 
საია აცხადებს, რომ სამაუწყებლო საქმიანობა დაკავშირებულია მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასთან და  საკუთრების ტიპის მიუხედავად (კერძო თუ საზოგადოებრივი),  მაუწყებელმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების მოლოდინებს. ორგანიზაციის განცხადებით, ამ ვალდებულებებზე მიუთითებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მთელი რიგი მოთხოვნები და პასუხისმგებლობებიც, რაც  სამაუწყებლო ბიზნესის კომერციულ ინტერესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
 
 
 
“თუმცა ზემოაღნიშნული ფაქტორები, კერძოდ, სატელევიზიო სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ორი მაღალრეიტინგული გადაცემის მოულოდნელად დახურვა მომავალი წლის ბუნდოვან გეგმებზე მითითებით, რაც ცალსახად მოკლებულია დამაჯერებლობას, ასევე ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჯაროების ფორმა არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის ტელევიზიისა და მისი მაყურებლის ინტერესებითაა ნაკარნახევი,”– აცხადებს საია. 
 
 
 
გარდა ამისა,  საიას განცხადებით, შემაშფოთებელია მმართველი გუნდის წარმომადგენლის, გოგი თოფაძის განცხადებაც, რომელიც გადაწყვეტილებას გადაცემების არაობიექტურობით ხსნის და აღნიშნავს, რომ ეს “მხოლოდ “იმედს” არ ეხება”. ორგანიზაცია ამბობს, რომ ამგვარი განცხადებები შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის გამართლება და გაფრთხილება სხვა ჟურნალისტების/მედიასაშუალებებისათვის, რაც მიუღებელი და შეუთავსებელია ხელისუფლების მხრიდან მედიის თავისუფლებაში ჩაურევლობის პრინციპთან.  
 
საია
საია
 
საია მოუწოდებს ტელეკომპანია „იმედის“ მესაკუთრეებსა და ხელმძღვანელობას:
 
 
– განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ სამაუწყებლო ბიზნესის მართვას;
– დეტალურად განმარტონ გადაცემების დახურვის მიზეზები და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია იმ პროცესისა და არგუმენტების შესახებ, რომლებზე დაყრდნობითაც შედეგადაც მიღებულ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება;
– ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, მაქსიმალურად უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირება კრიტიკული და ობიექტური ინფორმაციით;
– უზრუნველყონ, რომ სამაუწყებლო ბადე მუდმივად იყოს შევსებული პოლიტიკური თოქ-შოუების ფორმატის გადაცემებით;
– საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში პატივი სცენ და დაიცვან ჟურნალისტების შრომითი უფლებები.
 
საია მოუწოდებს პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს:
 
– ჟურნალისტებისა და მედიისსაქმიანობაზე შეფასებების გაკეთებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე;
– განუხრელად დაიცვან და პატივი სცენ მედიის თავისუფლების პრინციპს.

მასალების გადაბეჭდვის წესი